შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დმანისის საკრებულოს თავმჯდომარის, მერაბ ოქრიაშვილის დაჭრის გამო მისი ნათესავი – 1985 წელს დაბადებული ბ.ო. დააკავეს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 1-ელ ნოემბერს, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯავახის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, თავისი ნათესავი, დმანისის საკრებულოს თავმჯდომარე 1966 წელს დაბადებული მ.ო. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ფეხის არეში დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – ცეცხლსასროლი პისტოლეტი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 118-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს“, – აცხადებს შსს.
დანაშუალი 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.