დმანისში ოპოზიციონერ დეპუტატს კვლავ ვერ პოულობენ

დმანისში ნაციონალური მოძრაობის დეპუტატს, რამიზ რამაზანოვს ვერ პოულობენ. მას პარტიის წევრები და ნათესავები მეორე დღეა ეძებენ.

ენმ-ს დეპუტატი ლევან მოსეშვილი ამბობს, რომ რამაზანოვი სავარაუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაიტაცა. მისივე ინფორმაციით, მას დაპატიმრებით ემუქრებოდნენ.

“გუშინ მივაკითხე სამსახურში, ვესაბრებოდი. რამდენიმე წუთში ჩემთვის უცნობი პირები მოვიდნენ, მოკიდეს ხელი და ტერიტორიიდან გაიყვანეს. სად წაიყვანეს არ ვიცი. სუს-ის მანქანა იდგა და ელოდებოდა. სავარაუდოდ მათ გამოიძახეს დამატებითი პიროვნებები და წაიყვანეს. ესაუბრებოდა ახლადდანიშნული გუბერნატორი, რომლის სახელი და გვარი არ იცის და მისი მოადგილე და პირდაპირ ეუბნებოდნენ, რომ თუ მის გადაწყვეტილებას არ მიიღებდა და არ მივიდოდა საკრებულოს სხდომაზე, ის იქნებოდა დაპატიმრებული”,- ამბობს მოსეშვილი მთავარ არხთან საუბრისას.

ცნობისთვის, დმანისის საკრებულოში ოპოზიციისა და ქართული ოცნებას თანაბარი, 15-15 წევრი ჰყავთ. თავმჯდომარის არჩევას 16 დეპუტატი სჭირდება, რის გამოც პირველი სხდომა ჩაიშალა და თავმჯდომარე ვერ აირჩიეს. ოპოზიციის განცხადებით, ქართული ოცნება ცდილობს, გადაიბიროს მათი ერთი დეპუტატი, რათა თავმჯდომარის დამტკიცება შეძლოს.