აშშ–ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კორონავირუსზე მისი ტესტის შედეგი დადებითი აღმოჩნდა. ვირუსი დაუდასტურდა მის ცოლს, მელანიასაც. მანამდე კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს ტრამპის თანაშემწეს, რომელიც მასთან ბოლო დღეებში მუშაობდა.
“დღეს მე და პირველმა ლედიმ Covid19-ზე ტესტის დადებითი პასუხი მივიღეთ. დაუყოვნებლივ ვიწყებთ კარანტინს და გამოჯანმრთელების პროცესს. ამ ყველაფერს ერთად გავივლით“–დაწერა ტრამპმა ტვიტერზე.
მანამდე რამდენიმე საათით ადრე აშშ–ს პრეზიდენტი უკვე ამბობდა, რომ მზად იყო კარანტინში გადასულიყო მას შემდეგ, რაც მისი უახლოესი მრჩევლის, ჰოუფ ჰიკსის ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა. თანაშემწო პრეზიდენტს თან ახლდა ამ კვირაში რამდენიმე ვიზიტისას.
ტრამპის მკურნალი ექიმი, შონ კონლი აცხადებს, რომ პრეზიდენტს შეუძლია საკუთარი მოვალეობების შესრულება, რადგან ის და პირველი ლედი თავს კარგად გრძნობენ და აპირებენ კარანტინის პროცესი თეთრ სახლში გაატარონ.