დონბასელი სეპარატისტების ყოფილი თავდაცვის მინისტრი შიშობს, რომ რუსები ხერსონს დაკარგავენ

ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ყოფილი თავდაცვის მინისტრი შიშობს რომ რუსები ქალაქ ხერსონზე კონტროლს ვერ შეინარჩუნებენ. მისი თქმით, ხერსონის მიმართულებას დონბასში “მობილიზებული ჯარისკაცები“ იცავენ, ვისაც ცოტა იარაღი აქვს.

“უკრაინელმა სამხედროებმა “დონეცკის სახმელეთო ჯარების“ 70% მწყობრიდან გამოიყვანეს, ცოცხალი ძალის დანაკარგის შესავსებად კი რუსებმა ისევ დაიწყეს დონბასში მამაკაცების მობილიზაცია.“ იგორ გირკინი (სტრელკოვი) ამის შესახებ ვიდეოში საუბრობს, რომელიც სოციალურ ქსელებში ვრცელდება.

ის ამბობს, რომ უკრაინის არმიამ მოახერხა რუსული არმიის მოქმედებების კონცენტრირება დონბასში. ამის შემდეგ კი ხერსონზე შეტევისთვის დამრტყმელი დაჯგუფება შექმნა. ამიტომ გირკინი შიშობს, რომ რუსები ხერსონს დაკარგავენ.

“შეინარჩუნებენ ჩვენები თუ ვერ შეინარჩუნებენ – აი, ეს არის მთავარი კითხვა“ – ამბობს ბოევიკი.

სტრელკოვმა დასძინა, რომ ხერსონის მიმართულებით თავდაცვას დონეცკში მობილიზებული მამაკაცები ამაგრებენ, ვისაც იარაღი ძალიან ცოტა აქვს. სწორედ ასეთი ვითარებაა ხარკოვის ოლქშიც. გირკინად წოდებული სტრელკოვი აცხადებს, რომ უკრაინელები ამ მიმართულებით ყველაზე დიდი ძალებით უტევენ და მტრის არმიას უკუაქცევენ.

“ჩვენებს მოუწიათ რეზერვებიდან გაეყვანათ რუსული  საკადრო ტაქტიკური ბატალიონის ჯგუფები, რომ ნაწილობრივ მაინც შეეკავებინათ ვითარება, რომ მოწინააღმდეგე მთელი ხარკოვის ოლქში საზღვრებამდე არ გასულიყო “  – ამბობს გირკინი.