“დროა, საქართველომ საკუთარ თავს ჰკითხოს – მართლა სურს ევროატლანტიკური გზით სვლა?”- პოლკოვნიკი ბობ ჰამილტონი

„დღეს რუსებს უკრაინაში აქვთ „ხელები გაკავებული“. ასე რომ, არ ვფიქრობ, რომ საქართველოს გადაუდებელი საფრთხე ემუქრება. მაგრამ თუ საქართველო მსგავსი საფრთხის წინაშე აღმოჩნდება, მას უნდა ჰქონდეს გეგმა, რათა მაქსიმალურად დიდხანს გაძლოს ტრადიციული ომის წესებით ბრძოლის ველზე”, – ამბობს ამერიკის „საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის“ სამხედრო ექსპერტი, პოლკოვნიკი რობერტ ჰამილტონი რადიო თავისუფლებასთან ვრცელ ინტერვიუში და იქვე აზუსტებს, როგორი უნდა იყოს ეს სავარაუდო გეგმა. აგვისტოს ომის დაწყებამდე ჰამილტონი თბილისში აშშ-ის საელჩოში აშშ-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის ოფისს ხელმძღვანელობდა. კითხვაზე, რამდენად რეალურია უკრაინის მოვლენების ფონზე საქართველო ისევ აღმოჩნდეს სამხედრო საფრთხის წინაშე, და თუ ასე მოხდება, როგორ უნდა იმოქმედოს საქართველომ, ჰამილტონი პასუხობს:

“არ მგონია, რომ ახლო მომავალში ასეთი საფრთხე არსებობდეს, იმიტომ რომ რუსებს უკრაინაში აქვთ „ხელები გაკავებული“. ასე რომ, არ ვფიქრობ, რომ საქართველოს გადაუდებელი საფრთხე ემუქრება. მაგრამ თუ საქართველო მსგავსი საფრთხის წინაშე აღმოჩნდება, მას უნდა ჰქონდეს გეგმა, რათა მაქსიმალურად დიდხანს გაძლოს ტრადიციული ომის წესებით ბრძოლის ველზე – და თუ საქართველოს შეიარაღებული ძალების რაოდენობას გავითვალისწინებთ, ეს ხანგრძლივად ვერ მოხერხდება, ალბათ ხუთიდან შვიდ დღემდე, და შემდეგ ე.წ. დივერსიული მოქმედებების სტრატეგიაზე გადავიდეს: რუსებს უფლება არ მისცეს, საკვანძო ქალაქები აკონტროლონ. დაახლოებით იმ ოპერაციებზეა საუბარი, რასაც უკრაინელებმა ასე კარგად გაართვეს თავი ომის პირველ ფაზაში: მცირერიცხოვანი დანაყოფები, ჯაველინები და სხვა ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღება რუსული ტანკებისა და არტილერიის წინააღმდეგ, გამართული დაზვერვა რუსების არტილერიის პოზიციის ზუსტად დასაფიქსირებლად, მუდმივი მოძრაობა, რათა ყოველ რუს ჯარისკაცს, რომელიც საკუთარ ბაზას გასცილდება, ეშინოდეს და არ იცოდეს, ცოცხალი დაბრუნდება თუ არა. საქართველოს ამ კუთხით გარკვეული უპირატესობა აქვს – ის მთიანი ქვეყანაა, რაც პარტიზანული ომისთვის ხელსაყრელია, რადგან დამპყრობლის ჯარი ვიწრო ხეობებსა და ბილიკებზე „იწრიტება“. გავიხსენოთ, რა დაემართა საბჭოთა ჯარს ავღანეთში, სადაც მსგავსი რელიეფია. ასე რომ, ეს საქართველოს უპირატესობაა და მე ვისურვებდი, მენახა საქართველოს შეიარაღებული ძალების მხრიდან ამ შესაძლებლობების გაძლიერებაზე მუშაობა.

თავდაპირველი 5-7 დღე უმნიშვნელოვანესია, რათა საერთაშორისო საზოგადოების მობილიზება მოესწროს, ომს ყურადღება მიაქციონ და საქართველოს დაეხმარონ. შეძლებს თუ არა საქართველო, გაძლოს 5-7 დღე ასეთი ტიპის ომში, დამოკიდებულია ოპერაციულ გეგმაზე – თუ როგორ გამოიყენებს საქართველო თავის მწირ რესურსებს – ჯავშანტექნიკას, არტილერიას, მცირე რაოდენობის საბრძოლო ავიაციას და შემტევ შვეულმფრენებს. საქართველოს არ ძალუძს ისეთი ომის წარმოება, რასაც დღეს დონბასში ვხედავთ. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ კარგად უნდა გამოთვალოს, თუ როგორ გამოიყენებს იმ ტექნიკას და აღჭურვილობას, რაც აქვს, რათა რუსულ დანაყოფებს მაქსიმალური ზიანი მიაყენოს და, ამავდროულად, მაქსიმალურად დიდხანს შეინარჩუნოს ისინი, შესაძლოა ქვეყნის სხვა ნაწილში გადატანით, რათა ტექნიკა სრულად არ განადგურდეს და შემდეგ გადაეწყოს ე.წ. დივერსიების კამპანიაზე, რაც ნიშნავს სამხედრო იერარქიის დეცენტრალიზაციას, ამას თბილისიდან ვერ წარმართავ, რადგან პირველი, რასაც რუსები გააკეთებენ, ისინი კომუნიკაციის ხაზებს „დააჯდებიან“. თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის ადგილზე, გულდასმით შევისწავლიდი, რას აკეთებდნენ უკრაინელები ომის პირველ ფაზაში, რათა საჭიროების შემთხვევაში, მაქსიმალურად „გადმომეღო“ მათი წარმატებული მანევრები, თანაც საქართველოს ერთადერთი უპირატესობის – რელიეფის გათვალისწინებით.

კითხვაზე, რა უნდა გააკეთოს ახლა საქართველომ, ჰამილტონი პასუხობს:

“მთავარი, რაც უნდა მოხდეს, უნდა შეწყდეს ეს მართლაც რომ დესტრუქციული, გამანადგურებელი შიდაპოლიტიკური ბრძოლები მთავრობასა და ოპოზიციას შორის. შემიძლია გითხრათ, რომ აშშ-სა და ევროკავშირში საქართველოთი გადაიღალნენ. არის ხალხი, ვინც კითხულობს: 2004 წლიდან საქართველოს ვეხმარებით, იქნება ეს პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სამხედრო დახმარება. რა მივიღეთ საბოლოოდ? მათ თვალში საქართველო – ეს გაუთავებელი პოლიტიკური შინაომებია. ევროკავშირმაც და ამერიკამაც მთელი თავიანთი პოლიტიკური კაპიტალი დააბანდეს 19 აპრილის შეთანხმებაში 2021 წელს, რომელსაც საბოლოოდ მთავრობამაც ზურგი აქცია და ოპოზიციამაც. ამ ყველაფერს ემატება ის ღიად აგრესიული რიტორიკა დასავლეთის წინააღმდეგ, რომელსაც მთავრობის წარმომადგენლებისგან ვისმენთ. განსაკუთრებით ამერიკისა და ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართულ რიტორიკაზე გავამახვილებდი ყურადღებას. ვფიქრობ, დროა, საქართველომ საკუთარ თავს ჰკითხოს – მართლა სურს ევროატლანტიკური გზით სვლა? და თუ არა, დარწმუნებული შეუძლია იყოს, რომ ძალით არავინ შეათრევს არც ნატოსა და არც ევროკავშირში.“

წყარო: რადიო თავისუფლება