აშშ–ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მოუწოდა მის მხარდამჭერებს, რომლებიც დემოკრატიული პარტიის წევრი გუბერნატორების მიერ მართულ შტატებში ცხოვრობენ, დაუყოვნებლივ მოითხოვონ კარანტინის გაუქმება ან იზოლაციის შესუსტება.
მან მინესოტას და მიჩიგანის მაცხოვრებლებს მიმართა, სადაც ოთხშაბათს საპროტესტო მარში გაიმართა გუბერნატორ გრეთჰენ უითმერის მიერ შემოღებული აკრძალვების წინააღმდეგ.
ამის შესახებ ტრამპმა ტვიტერზეც დაწერა.
ტეხასის გუბერნატომა ებოტმა განაცხადა, რომ უსაფრთხოების ზომები ღიაობის რეჟიმშიც შეიძლება არსებობდეს.
“ტეხასს შეუძლია კოვიდ19–ის გავრცელების შესაჩერებლად იბრძოლოლს და ამავე დროს უსაფრთხოების სტანდარტების ადაპტაცია გააკეთოს შტატის ხელახლა ამუშავების პროცესის დასაწყისთან“ – დაწერა მან ტვიტერზე. გუბერნატორის გადაწყვეტილებით ტეხასში ბიზნესის დიდი ნაწილის ამუშავება იგეგმება.
“არიან შტატები, სადაც ეპიდემიოლოგიური სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. ისინი ნორმას უბრუნდებიან, მაგრამ ეს გადაწყვეტილება გუბერნატორების პრეროგატივაა. ჩვენ მზად ვართ მათ დავეხმაროთ და მხარი დავუჭიროთ“– განაცხადა ტრამპმა.
კარანტინს არ იწონებენ ჩრდილო დასავლეთ აიდაჰოს მაცხოვრებლები და უკმაყოფილებას აქტიურად გამოხატავენ. მათ კარანტინის წინააღმდეგ საპროტესტო აქციაც კი გამართეს.
სხვა სიტუაციაა ქვეყნის ჩრდილო აღმმოსავლეთში, კერძოდ ნიუ იორკის შტატში, სადაც 220 000–ზე მეტი ინფიცირებულია დარეგისტრირებული. ქალაქ ნიუ იორკზე კი შტატებში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა ნახევარზე მეტი მოდის. მხოლოდ ამ აგალომერაციაში 13 000 ადამიანზე მეტი გარდაიცვალა.
შტატის გუბერნატორმა, ენდრიუ კუომომ, რომელსაც ტრამპთან მეგობრული ურთიერთობა არასდროს ქონია, მას ასე უპასუხა: “თქვენ რატომ ზიხართ სახლში, ტელევიზორის წინ? იქნებ დროა სამსახურში წახვიდეთ?“
კუომო რომელიც გუბერნატორებს შორის ყველაზე მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში თავს არ ზოგავს.მისი პოპულარობა შტატის მოსახლეობაში ბოლო დროს მკვეთრად გაიზარდა. მისი ყოველდღიური ბრიფინგები კი ნაციონალური ქსელებით გადაიცემა. მისი მუშაობა ბოლო დროს ტრამპმაც კი შეაქო. თუმცა ისინი კვლავ მწვავე ოპონენტებად რჩებიან. ტრამპმა ამ დღეებში კუომოს ურჩია ნაკლები იწუწუნოს და ბევრი საქმე აკეთოს.