“მოვუწოდებთ მოქალაქეებს, თვითნებურად არ მიიღონ დრონების გამოყენების გადაწყვეტილება…საფრთხის შემცველია სტიქიის ზონაში მომუშავე ვერტმფრენებისთვის” – ამის შესახებ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადება
ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში, მესამე დღეა, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიება.
ძებნა-შველის სამუშაოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე- მაშველები, პოლიციის დანაყოფები, დრონები, სპეცტექნიკა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ასევე, სამუშაოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგთა ჯგუფი.
აქვე მოვუწოდებთ მოქალაქეებს, რომლებიც გამოთქვამენ სურვილს, სტიქიის ზონაში დრონების გამოყენებასთან დაკავშირებით, თვითნებურად არ მიიღონ გადაწყვეტილება, რადგან საფრთხის შემცველია სტიქიის ზონაში მომუშავე ვერტმფრენებისთვის,”- ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, გუშინ მოქალაქე, რომელიც შოვში დაკარგული ადამიანების მოსაძებნად თერმული ხედვის დრონით წავიდა, სტიქიის ზონაში არ შეუშვეს. თერმული ხედვის დრონი ღამით სამძებრო- სამაშველო ოპერაციებისთვის გამოიყენება.