ბიბისი ავრცელებს რეპორტაჟს შემზარავი კადრებით, სადაც ჩანს, რომ კიევთან რუსმა სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს მანქანების კოლონას რომლითაც მშვიდობიანი მოქალაქეები გადაადგილდებოდნენ. მანქანით კიევის მაცხოვრებლები საბრძოლო მოქმედებების ზონის დატოვებას ცდილობდნენ.
ეს მომენტი და შემზარავი კადრები უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის ერთ–ერთი რაზმის დრონით გადაღებულ ვიდეოში მოხვდა. რაზმის წევრების თქმით, სამხედროებს, რომლებმაც ავტომობილი დაცხრილეს რუსული არმიის ნიშნები მაიდენტიფიცირებელი ნიშნები ქონდათ.
დრონის კადრებში ჩანს, რომ ტრასაზე ორი მანქანა მიდის. მათ არ იციან, რომ წინ რუსი სამხედროები არიან. კადრში ჩანს, რომ მანქანები ჩერდებიან და ადგილზე ტრიალდებიან, სავარაუდოდ მას შემდეგ, რაც მათ ცეცხლი გაუხსნეს. ერთ–ერთი მანქანიდან გადმოდის ხელებაწეული მამაკაცი, რომელიც როგორც მოგვიანებით გაირკვა, მაქსიმ იოვენკო იყო.
ამ მომენტში მას ესვრიან. ბიბისი მის მეგობარს ელაპარაკა, რომელიც იმავე კოლონით მიდიოდა. ის ამბობს, რომ ჟიტომირის ტრასით მიდიოდნენ, როცა დაახლოებით 200 მეტრის გავლის შემდეგ გასროლის ხმა გაიგეს და კოლონას ცეცხლი გაუხსნეს. მან დაინახა, რომ მისი სიმამრის მანქანა შემობრუნდა და თავადაც შემობრუნდა. ამდროს აღმოაჩინეს, რომ მაქსიმ იოვენკოს მანქანა მათთან ერთად აღარ იყო. მეგობარი ყვება, რომ მანქანაში იყო იოვენკოების ოჯახი– მაქსიმი, მისი ცოლი, ბავშვი, მათთან ერთად კი თავად ამ მეგობრის დედა.
სროლის შედეგად მაქსიმი და მისი ცოლი გარდაიცვალნენ, ბავშვი გადარჩა, მეგობრის დედა კი დაიჭრა.
საბოლოოდ სამხედროებმა დაჭრილი ქალი და ბავშვი გაუშვეს. ხანდაზმული ქალი ყვება, რომ მაქსიმმა მანქანა შემოატრიალა, რის შემდეგაც ტყვიები მოხვდა და გაჩერდა. მაქსიმი მანქანიდან ხელებაწეული გადავიდა და ყვიროდა, რომ მანქანაში ბავშვი იყო, თუმცა ის დახვრიტეს.