“დროს, რომელსაც თავისუფალი სამყარო ფიქრს უთმობს, ტერორისტი მკვლელობისთვის იყენებს” – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
“ტირანია უსწრებს დემოკრატიას. რუსეთს ომის დასაწყებად ერთ წამზე ნაკლები სჭირდებოდა… დროს, რომელსაც თავისუფალი სამყარო ფიქრს უთმობს, ტერორისტული სახელმწიფო მკვლელობისთვის იყენებს. თითქმის ერთი წელია უკრაინა და მისი მოკავშირეები რუსეთს წინააღმდეგობას უწევენ, ამ პერიოდმა დაამტკიცა, რომ ჩვენმა სწრაფმა ქმედებებმა დადებითი შედეგი მოიტანა”, – თქვა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, “მსოფლიო ყოყმანობდა”, როდესაც რუსეთმა 2014 წელს, ყირიმი აიღო და 2022 წლის თებერვალში, უკრაინაში შეიჭრა.
“მსოფლიომ არ უნდა იყოყმანოს არც დღეს და არც არასდროს. მსოფლიომ უფრო სწრაფად უნდა იმოქმედოს, ვიდრე რუსეთი თავის ახალ ნაბიჯებს გადადგამს. უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებამ უნდა გადააჭარბოს რუსეთის მომდევნო სარაკეტო თავდასხმების რიცხვს. უკრაინაში უსაფრთხოებისა და მშვიდობის აღდგენა უნდა მოხდეს იმაზე სწრაფად, ვიდრე რუსეთის თავდასხმა უსაფრთხოებასა ან მშვიდობაზე სხვა ქვეყნებში”, – თქვა ზელენსკიმ.