“დროულად და ეფექტიანად გამოიძიონ ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული თავდასხმები”- სახალხო დამცველი სასულიერო პირების მხრიდან “მთავარი არხის” გადამღებ ჯგუფსა და ივერი მელაშვილზე თავდასხმას ეხმაურება და გმობს ძალადობას. ომბუდსმენი მოუწოდებს, საგამოძიებო ორგანოებს, დროულად და ეფექტურად გამოიძიონ, ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული თავდასხმები.
”2021 წლის 4 მაისს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექციის ტერიტორიაზე სატელევიზო სიუჟეტის მომზადების დროს, ტელეკომპანია „მთავარის“ ჟურნალისტების მიმართ ადგილი ქონდა ძალადობრივ ქმედებებს იქ მყოფი სასულიერო და სხვა პირების მხრიდან. ჟურნალისტების განცხადებით დაზიანებულია მათი ტექნიკაც.
სამწუხაროა, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში ეს არ არის კრიტიკული მედია საშუალებების წარმომადგენელთა მიმართ ფიზიკური თავდასხმის პირველი შემთხვევა (https://bit.ly/3tjFbRV). ჟურნალისტების მიმართ ბოლო პერიოდში გახშირებული ფიზიკური ანგარიშსწორების, მუქარის და დანაშაულის ნიშნების შემცველი ფაქტების თაობაზე სახალხო დამცველის შეფასებები 2020 წლის ადამიანის უფლებების ანგარიშშიც არის ასახული (https://bit.ly/3b3KSNz).
სახალხო დამცველის აპარატი გმობს მედიის წარმომადგენელთა მიმართ ჩადენილ ყველა სახის ძალადობას და ხაზგასმით აღნიშნავს თავისუფალი და კრიტიკული მედიაგარემოს სასიცოცხლო როლს დემოკრატიული საზოგადოებისთვის ისევე, როგორც მის განსაკუთრებულ ფუნქციას ქვეყანაში კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა პატივისცემის მიმართულებით.
მოვუწოდებთ საგამოძიებო ორგანოებს, დროულად და ეფექტიანად გამოიძიონ ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული თავდასხმები. ამასთან, დაუსჯელობის გარემოს შექმნისა და წახალისების თავიდან აცილების მიზნით, გამოკვეთონ და დააყენონ შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი ჟურნალისტთა და ტელეკომპანიების წარმომადგენელთა წინააღმდეგ წარსულში ჩადენილ დანაშაულებრივ ინციდენტებთან დაკავშირებით.
გარდა ამისა, მოვუწოდებთ ყველა შესაბამის უწყებას და თანამდებობის პირს, უზრუნველყონ მედიის წარმომადგენლების მიერ საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელებისთვის უსაფრთხო და ხელშემწყობი გარემოს შექმნა” – ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.