“დროულად ვერ გავუწოდეთ დახმარების ხელი“ – ბრიუსელი იტალიას ბოდიშს უხდის

ევროკომისიის მეთაურმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების სახელით ბოდიში მოუხადა იტალიას, რომელიც კორონავირუსით განსაკუთრებით დაზარალდა.

“სიმართლე ის არის, რომ ბევრი დროულად ვერ დაეხმარა, როცა იტალიას თავიდანვე ჭირდებოდა დახმარების ხელი.“

ლაიენი სიტყვით ევროპარლამენტის ონლაინ სესიის დებატების წინ გამოვიდა, რომელიც პანდემიასთან ბრძოლას ეძღვნებოდა. მთელი პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენელი დეპუტატები მსხვილი ინვესტიციების მხარდამჭერი მოწოდებებით გამოვიდნენ კრიზისის ეკონომიკური შედეგების დასაძლევად.

ამისთვის ერთ–ერთი ინსტრუმენტი ევროკავშირის შვიდწლიანი ბიუჯეტი გახდება. ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარემ, შარლ მიშელმა პირობა დადო, რომ შემდეგ ხუთშაბათს ამისათვის უმაღლესი დონის შეხვედრის მონაწილეთა მხარდაჭერის მოპოვებას შეეცდება.

ყველაზე დაზარალებული და ნაკლებად მდიდარი ქვეყნების დეპუტატები მოუწოდებენ ყველას ევროკავშირის ეკონომიკა ე. წ. “აღდგენითი ობლიგაციების საშუალებით“ ამოქაჩონ.

“დროა ჩვენი საერთო ეკონომიკა ისე გადავაწყოთ, რომ მან გარემო და ბუნებრივი რესურსები არ გაანადგუროს და თან უფრო ციფრული გახდეს. იმისათვის, რომ ვალის სიმძიმე მთელ ევროკავშირზე გადანაწილდეს, გთავაზობთ აღდგენითი ბონდები გამოვუშვათ“ –განაცხადა ესპანელმა სოციალისტმა ქალმა, ირაჩე გარსიამ.

ევროპარლამენტში კენჭისყრისთვის წარდენილია ჯანდაცვის მხარდაჭერის პაკეტი 3 მილიარდი ევროს მოცულობით, ასევე ფინანსური ზომები სასურსათო დახმარების უზრუნველსაყოფად ხელმოკლე მოქალაქეებისთვის და თევზჭერასა და აკვაკულტურაში დანაკარგების შესამცირებლად.

წამყვანმა ფრაქციებმა შეშფოთება გამოთქვეს უნგრეთში ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებით, სადაც საგანგებო მდგომარეობის კანონით პრემიერის ძალაუფლება გააძლიერეს.

“დაშინება, ტყუილი და უკან გადადგმული ნაბიჯები ეს არ არის წამალი, ეს საწამლავია. არანაირი მიზეზით არ შეიძლება საფრთხის ქვეშ დავაყენოთ დემოკრატიული ფასეულობები და ჩვენი პირადი თავისუფლებები. ეს ყველას უნდა ესმოდეს, ვიქტორ ორბანის ჩათვლით“– განაცხადა ლიბერალების ლიდერმა დაჩიან ჩოლოშმა.

ელექტრონული კენჭისყრა პარასკევს დასრულდება.