დროული იყო, მკვეთრი შეფასება უნდა მიეცეს იმას, რაც ხდება – უდუმაშვილი ხაზარაძის ინიციატივაზე

”დროული იყო, მკვეთრი შეფასება უნდა მიეცეს იმას, რაც ხდება ” -ასე ეხმაურება ენმ-ის წევრი, ზაალ უდუმაშვილი მამუკა ხაზარაძის ინიციატივას , რომ მოსამართლეების დანიშვნის პროცესის გაგრძელების შემთხვევაში პარლამენტიდან გავლენ. ამის შესახებ უდუმაშვილმა, გადაცემა კომენტარში ისაუბრა და ასევე განაცხადა, რომ  მსგავს საკითხებზე პარტია ერთიან ფორმატში მსჯელობს და ამის შემდეგ აფიქსირებს პოზიციას.

„ეს არაა ის საკითხი, რომელზეც გადაწყვეტილება მე უნდა მივიღო ან პარტიის რომელიმე წევრმა ინდივიდუალურად, ამაზე პარტია უნდა ჩამოყალიბდეს. ხაზარაძის გამოსვლა იყო დროული. ვინც ხელი მოაწერეს დოკუმენტს, მათთვის ეს მნიშვნელოვანია. ქართულმა ოცნებამ მოატყუა ოპოზიცია, საზოგადოება და საერთაშორისო პარტნიორებიც, მათ შორის, ევროკავშირი და აშშ, ვინც უშუალოდ იყვნენ ჩართულები. დროული იყო იმიტომ, რომ უნდა მივცეთ ძალიან მკვეთრი შეფასება იმას, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში, განსაკუთრებით მართლმსაჯულების კუთხით და განსაკუთრებით იმ ოპოციურმა პარტიებმა, ვინც ხელი მოაწერა დოკუმენტს – ჩვენგან იქნება მთავარი სიგნალი, რომ არ ვაპირებთ შევეგუოთ თავგასულობას ქართული ოცნებისას, რომელსაც დღეს აქვს ადგილი”, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.