დრო იხელთეს და გამოაძვრინეს ჩოლოიანი ციხიდან, ეს დაცინვაა – ლუკა სირაძის ძმა

ლუკა სირაძის ძმა, ბექა სირაძე ეხმიანება გამოძიებელი მარიანა ჩოლოიანის ვადაზე ადრე გათავისუფლებას.

მისი თქმით, მისმა ყოფილმა თანამშრომლებმა დრო იხელთეს და ჩოლოიანი ციხიდან გამოაძვრინეს. ის ამ ფაქტს ოჯახის დაცინვად აღიქვამს.

“მარიანა ჩოლოიანი წელიწად ნახევარში ანუ კარგი ქცევის გამო გაათავისუფლეს. ჩემი აზრით, ეს იმის დამსახურებაა, რომ ყურადღება მოვადუნეთ, აღარ ვლაპარაკობდით ამ ყველაფერზე ვინაიდან ეს აპელაციის პროცესები მიმდინარეობდა, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო დრო იხელთეს მისმა მეგობრებმა, არ ვიცი, ყოფილმა თანამშრომლებმა, ვისთანაც რამე ეთქმოდა, გამოყვანა არ ჰქვია, გამოაძვრინეს ციხიდან.

ვერც კი გადმოვცემ რას ვფიქრობ ამ ყველაფერთან დაკავშირებით, მეგონა პირიქით, სამართალი იზეიმებდა, წლებს მოუმატებდნენ. ჩემი აზრით, ეს დაცინვაა რაც ახლა მოხდა, ჩვენი დაცინვაა, წელიწად-ნახევრით როდესაც ჩასვევს ციხეში და ამბობენ, რომ კარგი ყოფაქცევისთვის გაათავისუფლეს”, – ამბობს ლუკა სირაძის ძმა, ბექა სირაძე “მთავარ არხთან” საუბრისას.

15 წლის ლუკა სირაძისთვის ჩვენების იძულებაში ბრალდებული გამომძიებელი, მარიანა ჩოლოიანი გაათავისუფლეს. ის ე.წ. უდოს კომისიის გადაწყვეტილებით გათავისუფლდა.