დღევანდელ დღეს ჰყავს ერთადერთი დამარცხებული – რადიკალური, კრიმინალური ოპოზიცია – კობახიძე

დღევანდელ დღეს ჰყავს ერთადერთი დამარცხებული – რადიკალური, დესტრუქციული, კრიმინალური ოპოზიცია. ამის შესახებ პარლამენტის მიერ საარჩევნო სისტემაზე საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე წინ გადადგმული ნაბიჯია.

“ამით აღსრულდა 8 მარტის შეთანხმება, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს შორის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერითა და აქტიური ძალისხმევით გაფორმდა. ეს დღე, პირველ რიგში, არის ჩვენი სახელმწიფოს გამარჯვება და კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე. ეს დღე, ასევე, არის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, განსაკუთრებით კი, 8 მარტის შეთანხმების ფასილიტატორი ელჩების გამარჯვება.

ეს დღე არის „ქართული ოცნების“ გამარჯვებაც. ეს დღე არის იმ მუდმივი და თანმიმდევრული დემოკრატიული წინსვლის ლოგიკური გაგრძელება, რომელიც საქართველოში ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით შემდგარი 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხით დაიწყო. დღევანდელი დღე არის გამარჯვება ყველასთვის, ვინც საქართველოს დემოკრატიული განვითარებით არის დაინტერესებული.

დღევანდელ დღეს ჰყავს ერთადერთი დამარცხებული – ეს არის რადიკალური, დესტრუქციული, კრიმინალური ოპოზიცია, რომელმაც უხეშად დაარღვია 8 მარტის შეთანხმება, უარი თქვა ელჩების მკაფიო მოწოდებების შესრულებაზე და ამ ნაბიჯით კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არის ანტისახელმწიფოებრივი, ანტიდემოკრატიული და ანტიდასავლური პოლიტიკური ძალა. საზოგადოება უკვე მიჩვეულია იმას, რომ სადაც მარცხდება „ნაციონალური მოძრაობა“, იმარჯვებს ქართული დემოკრატია.

შესაბამისად, მათი ეს მარცხიც ქართული დემოკრატიის განვითარების კანონზომიერების ნაწილია. სიმბოლური და ნიშანდობლივია, რომ საკონსტიტუციო რეფორმის მსგავსად, საქართველოს კონსტიტუციას არც ამჯერად შეეხო იმ პოლიტიკური ძალის ხელი, რომელიც წლების მანძილზე საქართველოს კონსტიტუციის უხეში ხელყოფით იყო გამორჩეული”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.