დღეიდან გლდანში, მუხიანში, დიდ დიღომში, “აფრიკასა” და “ზეემკაზე” ავტობუსის ახალი მარშრუტები ამოქმედდა

დღეიდან,4 ივნისიდან თბილისის გარეუბნებში მოძრავ რამდენიმე მიკროავტობუსს ავტობუსი ჩაანაცვლებს. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ოთხშაბათს განაცხადა.

“მომატებული მგზავრთნაკადის გათვალისწინებით, სხვადასხვა მიმართულებით გადაადგილების გაუმჯობესებისთვის ამოქმედდება ავტობუსის ხუთი და მიკროავტობუსის სამი ახალი მარშრუტი”, – თქვა კალაძემ.

მერიის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია ავტობუსის კონკრეტული მარშრუტების შესახებ :

  • ინიშნება N293 მარშრუტი, რომელიც დიდი დიღმის დასახლების მოსახლეობას მოემსახურება;
  • N294 ავტობუსი ჩაანაცვლებს მიკროავტობუს N444-ს, რომელიც მეტროსადგურ “ახმეტელის თეატრიდან” მუხიანის III მიკრორაიონამდეე მოძრაობდა;
  • N295 ავტობუსი ჩაანაცვლებს მიკროავტობუს N546-ს, რომელიც მეტროსადგურ “ვარკეთილიდან” ჭიჭინაძის ქუჩამდე (“აფრიკა”) მიდის;
  • N296 მარშრუტი ჩაანაცვლებს მიკროავტობუს N544-ის მარშრუტს, რომელიც მეტროსადგურ “სამგორიდან” წმინდა ბარბარეს უბანში (“ზეემკა”), ბურჯანაძის ქუჩაზე მიდის;
  • N297 ავტობუსი კი, ჩაანაცვლებს მიკროავტობუს N425-ს, რომელიც მეტროსადგურ “ახმეტელის თეატრიდან” გლდანის V-VII მიკრორაიონებში მიდის (ჯაბიძის ქუჩამდე).