საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების ექსპერტი, GIPA–ს პროფესორი გიორგი კობერიძე აჯამებს უკრაინაში მიმდინარე ომის 78-ე დღეს.
”რუსებს სპეცრაზმი ჰყავთ შეყვანილი მარიუპოლში აზოვსტალის ასაღებად. მათ შორის გრუ-ს ძალებიც. მიუხედავად ამისა დღეს “აზოვი” გამოვიდა ბუნკერებიდან და კონტრშეტევაზე გადავიდა. აზოვსტალის ქარხანასთან შესასვლელში არსებული ტერიტორია, რომელიც რუსებს უკვე ათი დღეა უკავიათ უკრაინელებმა გაათავისუფლეს. ეს ოპერაცია ოდნავ ამოსუნთქვის საშუალებას აძლევს მარიუპოლის მცველებს.;
– ლუგანსკის რაიონში ძალიან მძიმე ბრძოლა მიმდინარეობს ქალაქი სევეროდონეცკის დასაკავებლად. დასახლების შესასვლელში აღმოსავლეთიდან რუსული სატანკო ნაწილები განადგურდნენ. მათ ქალაქში შესვლა ვერ მოახერხეს. ახლა, რუსების ძალიან დიდი რაოდენობაა ამ მიმართულებით თავმოყრილი და უკრაინელ მცველთა ამოცანაა მათი რაც შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნონ ქალაქი და გამოფიტონ რუსები. ამ პროცესში შესაძლოა ქალაქის შენარჩუნება ვერც კი მოხერხდეს, მაგრამ ამ რაოდენობის რუსული სამხედრო ნაწილების შეწირვა სევეროდონეცკისათვის რუსულ შემტევ პოტენციალს პრაქტიკულად გააქრობს. უკრაინელების უკან კი კიდევ ერთი დიდი ქალაქი – ლისიჩანსკი იქნება. თუმცა ჯერ ნაადრევია ამაზე საუბარი, რადგან რუსებმა დიდი დანაკარგები მიიღეს და ქალაქის ვერცერთ რაიონში ვერ შეძლეს შეღწევა.
– სევეროდონეცკის თავზე არსებული ქალაქი რუბეჟნოე უკრაინელებმა დატოვეს. უკან დახევისას ხიდები და გზები ააფეთქეს. რუბეჟნოემ 30 დღიან შეტევას გაუძლო და ბოლო დღეების განმავლობაში რამდენიმე სახლსა და ინდუსტრიულ შენობებს ინარჩუნებდნენ უკრაინელები. ახლა, როდესაც მათი ალყაში მოქცევის საფრთხე შეიქმნა უკრაინელებმა უკუქცევა ამჯობინეს უშუალოდ სევეროდონეცკის მიმართულებით. ამაში კატასტროფა არაფერია. რუსეთის არმიის წინსვლა ამხელა დაწოლის და ათასობით სამხედროს შეწირვის შემდეგ მოსალოდნელი იყო. უკრაინელები კი თავიან სამხედროებს უფრთხილდებიან და სამხედრო თვალსაზრისით დაცემული ქალაქისათვის სიკვდილს მათ უკან გადასროლას ამჯობინებენ.
– ლუგანსკის დონეცკისა და ხარკივის რაიონის საზღვარზე, მდინარე სევერსკი დონეცზე გადასავლელი კიდევ ერთი რუსული სამხედრო (პონტონური) ხიდი ააფეთქეს უკრაინელებმა, რასაც დიდი რაოდენობით მსხვერპლი მოჰყვა და რუსების შეტევის ნაწილი ამ მიმართულებით ჩავარდა. (ფოტო კომენტარებში) ვინც სანაპიროს იმ მხარეს გადასვლა მოასწრო, სადაც უკრაინელები იყვნენ სრულად განადგურდნენ.
– ხარკივის შემოგარენი კვლავ უკრაინული წარმატების ამბებს გვამცნობს: დღეს უკრაინელებმა ორი რუსული სამხედრო კოლონის განადგურება შეძლეს. ერთი, შედარებით დიდი კოლონა ხარკივთან ჩრდილო-დასავლეთით გადაადგილდებოდა თავისი ამუნიციითა და სამხედროებით. მისი მიზანი დარჩენილი ნაწილების გამაგრება იყო. უკრაინელებმა მასზე თავდასხმა და სრულად მოსპობა შეძლეს. მეორე კოლონა კი უკუქცეული რუსი სამხედროებისა იყო, რომლებიც რუსეთში გადასვლას ლამობდნენ. უკრაინელებმა მისი განადგურებაც შეძლეს, გადარჩენილი სამხედროები კი ტყვედ ჩაცვივდნენ. (ვიდეო კომენტარებში) ზოგადად, რუსი ტყვეების რაოდენობა ხარკივში რეკორდულია.
ამასთან, უკრაინელებმა რუსების ყველა ძირითადი პოზიცია ხარკივის შემოგარენში გაანადგურეს და უმეტესი მიმართულებით რუსეთ-უკრაინის საზღვრამდე გავიდნენ. (ვიდეო კომენტარებში)
– უკრაინელებმა კიდევ ერთი რუსული სატვირთო-სადესანტო ხომალდი გაანადგურეს კუნძულ ზმეინთან. ის ზღვაშივე ჩაიძირა. რუსეთის შავი ზღვის ფლოტი ნელ-ნელა გამოიფიტა.
– დონეცკში უკრაინელებმა რუსული გრუ-ს პოლკოვნიკი მოკლეს. რეალურად მისი წონა რეგულარული არმიის გენერალს უტოლდება.
– მობილური კავშირებით – Sim-ებით – დგინდება თუ დაახლოებით სად რამდენი რუსი სამხედროა თავმოყრილი უკრაინაში. როგორც მოსალოდნელი იყო ყველაზე დიდი რაოდენობით რუსული ნაწილების შეჯგუფება შეინიშნება იზიუმის ჩრდილო-დასავლეთით, ხარკივისა და ლუგანსკის რაიონთან. ამ ტერიტორიის გაწმენდა უკრაინისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მთელი შემტევი რესურსები რუსეთიდან სწორედ ამ მიმართულებით მიედინება, რომელიც ქალაქ სევეროდონეცკთან და იზიუმთან იყრიან თავს.
– უკრაინელებმა აქტიურად დაიწყეს ბრიტანული წარმოშობის “ბრიმსტოუნის” ტიპის რაკეტების გამოყენება. მისი გასროლის შემდეგ რაკეტა თავად იწყებს სამიზნის პოვნას და ანადგურებს მას. დიდი რაოდენობით მისი გამოყენება რუსეთის არმიის პოტენციალს დაასუსტებს.
– უკრაინელები ამზადებენ თავიანთ მობილიზებულ სამხედროებს და როდესაც ნელ-ნელა აღმოსავლეთით მოხდება ახალი ძალის გადასროლა ეს რუსების მდგომარეობას აშკარად გაურთულებს.
– ბრიტანელები აცხადებენ, რომ რუსეთი ამ ომში აუცილებლად დათმობს იმაზე მეტს, ვიდრე ომამდე ჰქონდა მას, ხოლო ისინი არ აპირებენ უკრაინის რაიმე ფორმით მიტოვებას და იარაღის მიწოდება ინტენსიურად გაგრძელდება. მეტიც, ოფიციალურ ლონდონს რთულად წარმოუდგენია თუ რა სახის მოლაპარაკებაზე უნდა წავიდეს მსოფლიო იმ რეჟიმთან, რომელიც მიზანმიმართულებით ცდილობს ერისა და სახელმწიფოს გაქრობას და ოცდამეერთე საუკუნის მსოფლიო წესრიგის რღვევას. ” – წერს კობერიძე.