დღეს არ არის ისეთი 3 ლიდერი, როგორიც იყო მაშინ – ნინო ბურჯანაძე

პარტია ერთიანი საქართველოს ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ვარდების რევოლუციის პერიოდისა და ამჟამინდელ ვითარებას შორის განსხვავება ის არის, რომ დღეს არ არის ისეთი სამი ლიდერი, როგორიც 2003 წელს იყო.

“დღეს ვითარება არის ის, რომ ხალხს აღარ უნდა ასე ცხოვრება და ხელისუფლებას არაფრის შეცვლა და უკეთესის შეთავაზება არ შეუძლია. განსხვავება არის იმაში, რომ არ არის ის სამი ლიდერი, რომელიც იყო მაშინ, ან ისეთი სამი ლიდერი, როგორიც იყო მაშინ.

ნურავინ ნუ მიწყენს, მაგრამ ჩვენ ვახერხებდით იმას, რომ ძალიან ხშირი კამათის, ხშირი განსხვავებული შეხედულების მიუხედავად, შევქმენით ერთობა, ერთიანობა, რომელსაც მხარს უჭერდა სხვა პოლიტიკური ძალებიც. პრაქტიკულად, მთელი ოპოზიცია, გარდა შევარდნაძის და ასლან აბაშიძის მომხრეებისა, იყო ერთ მხარეს, ვარდების რევოლუციის მხარეს. ჩვენ ძალიან კოორდინირებულად და გამბედავად ვმოქმედებდით”,– ამბობს ის ფორმულას ეთერში.

მისივე განცხადებით, დღეს განსხვავებულია ოპონენტიც – “ივანიშვილი არ არის პოლიტიკოსი, ის არაფორმარული ლიდერია”.