“რიონის ხეობის მცველების” ერთ-ერთი ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ სამართალდამცავები, კომპანია “ენკას” თანამშრომლებს გადაადგილებაში ეხმარებიან. მისი თქმით, დღეს მან დაინახა თუ როგორ გაიარეს პოლიციის პიკაპებმა, რომლის უკანა სავარძელზეც კომპანიის თანამშრომლები ისხდნენ.
“ჩვენი საპოლიციო ძალები კომპანია “ენკასთვის“ ოფიციალურ გადამზიდად იქცნენ. დღეს ვხედავთ, გაიარა კოლონამ, უშუალოდ პოლიციის პიკაპებმა, რომლის უკანა სავარძელზეც ისხდნენ კომპანიის თანამშრომლები-მუშები. რადგან ვზღუდვათ კომპანიის ტრანსპორტის და სპეცტექნიკის გატარებას, ამ ხერხს მიმართეს, რომ პოლიციის მანქანებით გადაიყვანეს კომპანიის მუშახელი. რაც შეეხება გეგმებს, ჩვენ ვეცდებით, შევიდეთ ბარიკადის მეორე მხარეს.
მნიშვნელოვანია გზის გადაკეტვა, ტექნიკა მეორე მხარეს რომ არ გადაიყვანონ, რაც აუცილებლად დასჭირდება კომპანიას. ჩვენ პოლიციასთან დაპირისპირებაში ვერ შევალთ, ეს არ არის სწორი და არ ვაპირებთ ამ მიმართულებით წავიდეთ, მაგრამ, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ პოლიცია აბსოლუტურად გავიდა კანონს მიღმა. მისი ფუნქცია არ არის კომპანიის თანამშრომლები ხეობაში თავის მანქანით ატაროს“, – აღნიშნავს გოლეთიანი.