დღეს გვქონდა პატარა ნახტომი, პირველი განგაშის ზარი უნდა შემოვკრათ – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ვიდეომიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას განგაშის ზარის შემოკვრისკენ მოუწოდებს.

“დღეს დილისთვის გვქონდა პატარა ნახტომი, როდესაც პირველად თებერვალ-მარტის განმავლობაში ახალი შემთხვევების რიცხვი თითქმის 900-მდე. პირველი განგაშის ზარი უნდა იქნეს შემოკრული, რამეთუ ეპიდსიტუაცია ყველა ინდიკატორის მიხედვით უარესდება, რაც წინა ეტაპია საყოველთაო გავრცელების, ამიტომ ამაზე ყველამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა გავამახვილოთ, როგორ უნდა შეკავდეს ეს ყველაფერი. ვდგავართ მესამე ტალღის დაწყების წინაშე”,- ამბობს ის.

მისივე განცხადებით, თუ ინფექციის ინტენსივობა მოიმატებს, მძლავრი შემზღუდავი ღონისძიებები დაწესდება.

“პირველ რიგში, განსაკუთრებული დისციპლინით უნდა შეკავდეს. დიდი თხოვნაა, რომ არ დაგვჭირდეს დამატებითი, ძლიერი შემზღუდავი ღონისძიებების შემოღება ქვეყანაში, პირველ რიგში ყველამ დავიცვათ ის რეკომენდაციები, რაც დღეს არის დაწესებული.

წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ინფექცია გავრცელდა და მოიმატა ინტენსივობამ ინფექციის გავრცელების, რა თქმა უნდა, ჩვენ იძულებული ვიქნებით, საკოორდინაციო საბჭოზე დავაყენოთ საკითხი, უფრო მძლავრი შემზღუდავი ღონისძიებების შემოღების. იმიტომ რომ ჩვენ ვდგავართ შიდა გავრცელების და მესამე ტალღის წინა ეტაპზე”,- აღნიშნავს გამყრელიძე.