დღეს ვიხილავთ დაშინებულ საჯარო მოხელეებს აქციაზე – სერგო ჩიხლაძე

“დღეს ვიხილავთ დაშინებულ საჯარო მოხელეებს აქციაზე” – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა სერგო ჩიხლაძემ ჟურნალისტებთან “ქართული ოცნების” აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.

„ვის უმართავენ აქციას? მოსახლეობას უმართავენ კონტრაქციას? გაურკვეველია. დღეს ჩვენ ვიხილავთ დაშინებულ საჯარო მოხელეებს აქციაზე, რომელთა დიდი ნაწილი სულაც არ არის “ქართული ოცნების” მხარდამჭერი. ეს იქნება აქცია საუკეთესო საბჭოთა ტრადიციებში, როცა კომუნისტურ პარტიას სახელმწიფო საწარმოებში, სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებული ხალხი გამოჰყავდა და წითელ დროშებს აფრიალებდნენ, თუმცა, ყველამ ვიცოდით, რომ მათი უმეტესობა არ იყო საბჭოთა ხელისუფლების მხარდამჭერი ან იდეურად კომუნისტი. იგივეს აკეთებს “ქართული ოცნება”, ოღონდ საშიშია ის, რომ ამას მიჰყავს ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირებამდე. 90- იანი წლების მერე, პირველად მივიღეთ ხელისუფლება, რომელიც სამოქალაქო დაპირისპირებას ახალისებს ქვეყანაში. პარტიული აქციააო – ამბობენ, რომელი პარტიული აქციისთვის იკეტება ქუჩები ორი დღით ადრე?! რომელი პარტიული აქციისთვის წმინდავენ ქუჩებს საპატრულო პოლიცია, უშიშროების სამსახური?! ეს კიდევ ერთი დასტურია, რომ ამაში მთლიანად სახელისუფლებო სტრუქტურები მონაწილეობენ და ძალოვანი სტრუქტურები არიან “ქართული ოცნების” ნების აღმსრულებლები. არც ერთი სხვა აქციის დროს ისინი ორი დღით ადრე არ ასუფთავებენ ქუჩებს, ეს არის კიდევ ერთი დასტური, რასაც ჩვენ და საერთაშორისო პარტნიორები ვამბობთ, რომ ზღვარი “ქართულ ოცნებასა” და სახელმწიფოს შორის წაშლილია. ეს არის სახელისუფლებო აქცია საუკეთესო საბჭოთა და ჩაუშესკოს ტრადიციებში, არ მინდა ცუდი მაგალითი გამოვიყენო, მაგრამ ისიც ასე აწყობდა ბოლო დღეებში თავის მხარდამჭერ აქციებს,”- განაცხადა ჩიხლაძემ.