“დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს” ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ არჩევნების მეორე ტურში დაბალი აქტივობით, მოსახლეობამ ხელისუფლებას სერიოზული სილა გააწნა. ამის შესახებ მან ტელეკომპანია “ფორმულას” განუცხადა.
მისი თქმით, არჩევნებში ისევე როგორც დღეს, საბჭოთა კავშირის დროსაც ერთი კანდიდატი იღებდა მონაწილეობას.
“საბჭოთა კავშირის დროს მოსახლეობის აქტივობა იყო ძალიან მაღალი. ერთადერთი კანდიდატი, ისევე როგორც დღეს, საბჭოთა კავშირის დროსაც იყო ერთი და არჩევანი არ იყო, იყო ერპარტიული არჩევნები.
დღეს მოსახლეობამ, მე ვფიქრობ, რომ ძალიან სერიოზული სილა გააწნა ხელისუფლებას, იმიტომ რომ 3 საათზე აქტივობა იყო 8%, 6%. ამ დროს ხელისუფლება გვეუბნება, რომ თურმე ოპოზიცია აკეთებს მობილიზაციას, მოყავს ხალხი, კარუსელებს ატრიალებს. ოღონდ კარუსელებს რისთვის, რომ ვოლსკიმ ან კობიაშვილმა მეტი ხმა მიიღოს?”, – თქვა ნინო ბურჯანაძემ.
შეგახსენებთ, ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 17:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 20.74% შეადგინა.