ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს კორონავირუსის შემთხვევების “ნახტომი” დაფიქსირდა. მისი თქმით, ეს საგანგაშოა.
“დღეს ნახტომი გვაქვს, იანვრის შემდეგ არ ყოფილა ათასზე მეტი შემთხვევა დღის განმავლობაში.
შესაძლებელია, ეს დაკავშირებულია… ამას ჩვენ ზოგადად ორშაბათის სინდრომს ვეძახით, რადგან შაბათ-კვირის გარკვეული რაოდენობის რეპორტინგი ხდება სამშაბათს დილით ანუ ორშაბათის 24 საათში. მაგრამ მაინც ძალიან საყურადღებოა და პირდაპირ გეტყვით, საგანგაშო”,– ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი.
მისივე თქმით, არ უნდათ მკაცრი შეზღუდვების დაწესება, თუმცა მომავალ კვირებში “აწონ–დაწონვა” მოუწევთ.
“დადებითობის მაჩვნებელი ერთი დღეში მიუახლოვდა 3,66%-ს, ეს ძალიან საყურადღებოა. თანდათან ეპიდსიტუაცია უარესდება, ზეწოლა ჯანდაცვის სექტორზე უკვე სერიოზულია, რადგან აქტიური შემთხვევა თითქმის 8 000-ია, აქედან 2 485 უკვე კლინიკებშია…
ეპიდსიტუაციის გაუარესება პროგნოზირებადი იყო, მაგრამ ჩვენ სულ ვცდილობთ მოვუწოდოთ მოსახლეობას, რომ მეტი კონტროლი იყოს, რადგან არ გვინდა გავიმეოროთ ნოემბერ-დეკემბერი და არ გვინდა მკაცრი შეზღუდვების დაბრუნება ქვეყანაში. მაგრამ, მეორე მხრივ, პინაზე იდება ადამიანების ჯანმრთელობა, ამიტომ თუ ვერ შევაკავეთ ეპიდსიტუაცია მომავალი კვირების განმავლობაში, ამის აწონ-დაწონვა მოგვიწევს”,- აღნიშნა გამყრელიძემ ბრიფინგზე.
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 374 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.