დღეს პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით უყრის კენჭს

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, დღეს საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით კენჭს უყრიან.

ცვლილებების პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120 პროპორციული, 30 მაჟორიტარული მოდელით და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. კანონპროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც.

პარლამენტში საკონტიტუციო პროექტს პირველი მოსმენით მხარს დაუჭერს პარტია “ევროპული საქართველოც”. თუმცა მეორე მოსმენასთან დაკავშირებულ კენჭისყრაში პარტია მონაწილეობას არ მიიღებს მანამდე, სანამ მთავარი არხის მეწილე, გიორგი რურუა საპატიმროს არ დატოვებს.

მათი განმარტებით, კენჭისყრაში მონაწილეობას იმიტომ იღებენ, რომ შეთანხმებას ჰქონდეს პერსპექტივა და ქართული ოცნების მხრიდან მორიგი გადაგდება არ ვიხილოთ. 

ჯერჯერობით უცნობია, მიიღებს თუ არა კემჭისყრაში მონაწილეობას ნაციონალური მოძრაობა. პარტიის ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებებს ოპოზიციამ პირველი მოსმენით მხარი უნდა დაუჭიროს. მისი შეფასებით, ევროპული საქართველოს გადაწყვეტილება სწორია და თავად არც დაფიქრდებოდა, ისე მისცემდა ხმას საარჩევნო ცვლილების შესახებ კონსტიტუციური კანონის პროექტს.