დღეს პრეზიდენტს გაეგზავნება წერილი, რომ ხვალ მოიწვიოს რიგგარეშე სხდომა – საპარლამენტო ოპოზიცია

საპარლამენტო ოპოზიცია დღეს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, ოფიციალური განცხადებით მიმართავს რათა პარლამენტში რიგგარეშე სხდომა მოიწვიოს.

“დღეს რადგან ჩვენ აქ ვდგავართ და რიგგარეშე სხდომას ვიწვევთ იმისათვის, რომ საზოგადოების წინაშე გავაშიშვლოთ ის მანკიერი მდგომარეობა რაც არის სასამართლო სისტემაში, ის გუნდური მუშაობა დემოკრატიის წინააღმდეგ, რასაც ეწევიან მოსამართლეები და სანქციების შემდეგ აგრძელებენ კიდევაც, გვინდა, რომ ოფიციალურად, ხელმოწერებით მივმართოთ საქართველოს პრეზიდენტს.

დღეს მას გაეგზავნება წერილი, იმისათვის რომ ხვალ მოიწვიოს რიგგარეშე სხდომა ერთადერთი საკითხით, კენჭისყრაზე დადგეს საგამოძიებო კომისიის კენჭისყრის საკითხი და მისი შემადგენლობის საკითხი,” – თქვა თამარ კორძაიამ. 

შეგახსენებთ, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნა ოპოზიციამ მას შემდეგ მოითხოვა, რაც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლე დაასანქცირა.