დღეს რაც თბილისში მოხდა, დიდი გამარჯვებაა – სააკაშვილი

საქართველოს მე–3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ “მნიშვნელოვანია, რომ ის ვინც უკანონოდ შევიდა პარლამენტში და მოიპარა ქართველი ხალხის ნება და არჩევნები, დროზე გამოვიყვანოთ იქიდან”.

მისი თქმით, ერთპარტიული პარლამენტი ქართველი ხალხის გამარჯვებაა.

„დღეს რაც თბილისში მოხდა, დიდი გამარჯვებაა. დიდი გამარჯვებაა პირველ რიგში ქართველი ხალხის. არავის არ ეჯერა, რომ მიუხედავად ამხელა მოსყიდვისა, დაშინებისა, გაყოფისა, ჭორებისა, სიბინძურისა და პროპაგანდისა, მოხდებოდა პრაქტიკულად ყველა ოპოზიციური ძალის გაერთიანება ერთი იდეის გარშემო, რომ არჩევნები მოპარულია, მოპარული არჩევნები არავის უნდა შერჩეს.

ეს მართლაც სასწაულია, ერთობით ყველაფრის მიღწევა შეიძლება. ძალა არის ერთობაში. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ახლა ოპოზიციიდან პრაქტიკულად არავინ არ შევიდა პარლამენტში. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ის ვინც უკანონოდ შევიდა პარლამენტში და მოიპარა ქართველი ხალხის ნება და არჩევნები, დროზე გამოვიყვანოთ იქიდან, საქართველოს გაუჩნდეს ლეგიტიმური ხელისუფლება და პარლამენტი“,-განაცხადა სააკაშვილმა.