დღეს სამედიცინო პერსონალის ინფიცირების 209 შემთხვევა გვაქვს – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 295 ახალი შემთხვევიდან 209 სამედიცინო პერსონალია. მისი თქმით, სამედიცინო პერსონალის ინფიცირების შემთხვევებმა მოიმატა.

“კვლავ მინდა მივმართო, რომ მეტი სიფთხილით იყვნენ ჩემი კოლეგები. სამედიცინო პერსონალში ისევ მოიმატა ინფიცირებამ, დღეს დილით გვაქვს 209 შემთხვევა. მოგეხსენებათ, ძალიან მნიშვნელოვანია, იცით, თუ რაოდენ კრიტიკულია დღეს სამედიცინო პერსონალის ინფიცირების ზრდა. იმიტომ, რომ სწორედ ისინი ემსახურებიან ინფიცირებულ ადამიანებს.

მაგრამ, ეს მარტო საქართველოსთვის არ არის დამახასიათებელი, ეს ხდება ყველა ქვეყანაში, ჯერჯერობით ჩვენთან 6%-ზე მეტი არ არის სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების მაჩვენებელი. ეს არ არის მაღალი, მაგრამ თითოეული დაინფიცირებული სამედიცინო პერსონალი გარკვეული დროის განმავლობაში აკლდება ავადმყოფთა მოვლას. ამიტომ, ჩვენმა კოლეგებმა მეტად უნდა დაიცვან ინფექციის კონტროლის ყველა ის ღონისძიება, რაც რეკომენდირებულია სამედიცინო დაწესებულებებში.” – ამბობს გამყრელიძე.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 46 817 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 31 170 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 381 კი გარდაიცვალა.