დღეს საქართველოს დემოკრატიისთვის შავი დღეა–აშშ–ს საელჩო საქართველოში

აშშ–ს საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს პარლამენტში “უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიმდინარე განხილვასთან დაკავშირებით:

“დღეს საქართველოს დემოკრატიისთვის შავი დღეა. პარლამენტის მიერ კრემლისგან შთაგონებული კანონების განხილვის გაგრძელება შეუთავსებელია საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის აშკარა სურვილთან და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასთან. ამ კანონების გატანა დააზიანებს საქართველოს ურთიერთობას სტრატეგიულ პარტნიორებთან და ძირს გამოუთხრის მნიშვნელოვან საქმეს, რომელსაც უამრავი ქართული ორგანიზაცია თანამოქალაქეების დასახმარებლად აკეთებს. ეს პროცესი და კანონპროექტები რეალურ კითხვებს აჩენს მმართველი პარტიის ერთგულებაზე ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი.“– ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ კანონის განხილვა სესიაზე 9 მარტისთვის იყო დაგეგმილი, თუმცა დღეს მოულოდნელად ქართულმა ოცნებამ კანონი დღის წესრიგში შეიტანა და პირველი მოსმენით მიღებას გეგმავს.

საქართველოს პარლამენტთან მოქალაქეები საპროტესტო აქციაზე იკრიბებიან.