დღეს საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა

დღეს საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა. მას დღეს, 18 აგვისტოს 36 წელი შეუსრულდებოდა.

გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს რუს ოკუპანტებს ტყვედ ჩაუვარდა. იგი აწამეს, რის შემდეგაც ცხინვალის მეხუთე სკოლასთან, ძმათა სასაფლაოზე ცემით მოკლეს.

2009 წლის იანვარში ინტერნეტში გავრცელდა მტრის მიერ ტელეფონით გადაღებული ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ გიორგი ანწუხელიძე ოკუპანტებს წრეში ჰყავთ მოქცეული და მას რიგრიგობით ურტყამენ ფეხებს კეფასა თუ ზურგზე. ოკუპანტები ანწუხელიძეს აიძულებდნენ, მიწისთვის ეკოცნა, თუმცა 23 წლის გმირის გატეხვა ვერ შეძლეს. საბოლოოდ, ის ოსმა სეპარატისტებმა ცემით მოკლეს და ოკუპირებულ ცხინვალში დატოვეს.

2008 წლის ნოემბრამდე ანწუხელიძე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა. თუმცა, მოგვიანებით ოკუპირებული ცხინვალიდან გადმოსვენებული 10 ქართველის ცხედრის გენეტიკური ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ ერთერთი ანწუხელიძე იყო.

2009 წელს გიორგი ანწუხელიძეს მიენიჭა ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი. 2011 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ის “სამშობლოსთვის თავდადებულის” მედლით დააჯილდოვა. 2013 წლის 15 აპრილს საქართველოს იმჟამინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით, ეროვნული გმირის სტატუსი მიენიჭა.

2013 წელს, “თუშების სადროშომ” გიორგი ანწუხელიძეს “თუში სახალხო გმირის” წოდება მიანიჭა. სოფელ ქვემო ალვანში გიორგი ანწუხელიძის მემორიალიც გაიხსნა. იმავე წლიდან, სერჟანტთა აკადემია გიორგი ანწუხელიძის სახელს ატარებს