პრემიერმინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარია ირწმუნება, რომ საქართველოში ევროპული მმართველობითი სისტემაა.
“მოგეხსენებათ, რომ დღეს საქართველოში გვაქვს ძალზედ დემოკრატიული, ძალზედ ევროპული მმართველობითი სისტემა. საპარლამენტო დემოკრატია, თითქმის სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით, 2024 წლიდან სრულად პროპორციული იქნება.
ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ამ სისტემაში კვალიფიციური და კეთილსინდისიერი საჯარო მოხელის როლი არის ცენტრალური”,– თქვა გახარიამ პარლამენტში.
მისივე განცხადებით, ერთპარტიულ პარლამენტში მუშაობა კომფორტული არ არის.
“საგულისხმო შემთხვევა იყო – როდესაც შემოვდიოდით, ჟურნალისტებს ასეთი კითხვა ჰქონდათ, კომფორტულად გრძნობთ თუ არა თავს, როდესაც პარლამენტი არის ერთპარტიული და სხდომათა დარბაზში არ არის ოპოზიცია, ან როდესაც მთავრობას ამტკიცებს ერთპარტიული პარლამენტი. მაინც მომიწევს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა – რა თქმა უნდა, ეს კომფორტული არ არის. შემიძლია, ავხსნა რატომ – არ არის იმიტომ, რომ გარდა იმისა, რომ ეს ჩვენთვის არ არის კომფორტული, გვესმის, რომ ნებისმიერი სწორი გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული ჯანსაღ დისკუსიაში და დავაში. ჩვენ ამის ძალიან კარგი გამოცდილება გვქონდა გასული წლების განმავლობაში”,– აღნიშნა გახარიამ.