დღეს სტრასბურგის სასამართლო 2008 წლის ომის საქმეზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს

“საქართველო რუსეთის წინააღმდეგ” – 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას დღეს, თბილისის დროით 14:00 საათზე გამოაცხადებს.

2008 წელს იუსტიციის სამინისტროს სახელით შესული სახელმწიფოთაშორისი სარჩელით საქართველო რუსეთს ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაში ადანაშაულებს, მათ შორის სიცოცხლის უფლების, წამების, არაადამიანური და ღირსებისშემლახველი მოპყრობის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების, პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის, საკუთრების დაცვის, განათლების, მიმოსვლის თავისუფლების დარღვევაში.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცნობით, საქმეზე არსებითი მხარის განხილვის დაწყების შემდეგ, 2013 წლის 8 ოქტომბრიდან დღემდე, სხვადასხვა წყაროში არსებული დიდი რაოდენობით დოკუმენტი/მტკიცებულება შეისწავლეს. მათი ხარისხის შეფასების შედეგად შეირჩა და სხვადასხვა დროს სტრასბურგის სასამართლოს საქართველოს მხრიდან 700-მდე მტკიცებულება წარედგინა და არაერთი დოკუმენტი შესაბამისი ანალიზითა და არგუმენტებით.