დღის რომელ მონაკვეთში ექნებათ მოქალაქეებს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის ავტომობილით გააადგილების უფლება

სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების შესრულებისთვის მოქალაქეებს ავტომობილებით გადაადგილება დილის 6 საათიდან 8 საათამდე შეეძლებათ, ხოლო უკან სახლებში დაბრუნება – 18.00 საათიდან 19.00 საათამდე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ პროცესსა და საშვების გაცემას ადგილობრივი მუნიციპალიტეტები უზრუნველყოფენ.

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ და საქართველოს პრემიერმა მიმართეს პრეზიდენტს და პრეზიდენტმა უკვე წარადგინა პარლამენტში, რომ გახანგრძლივდეს ერთი თვით საგანგებო მდგომარება, ჩვენ ამ პერიოდის განმავლობაში ვაპირებთ ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ და იმის გათვალისწინებით, რომ გვექნება პოზიტიური და დადებითი დინამიკა, შევამსუბუქოთ შეზუდვები და მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ, რომ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება დაუბრუნდეს ჩვეულ რიტმს და ჩვენი ეკონომიკური აქტივობებიც დაუბრუნდეს ჩვეულ რიტმს. თქვენ იცით, რომ ავტომობილებით გაადაგილება შეზღუდულია ამ კვირის ბოლომდე, თუმცა ასევე იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ იმისათვის რომ ჩვენ თანამოქალაქეებს არ შეექნათ პრობლემა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების წარმოების თვალსაზრისით რეგიონის მუნიციპალიტეტებში, მათ ექნებათ საშუალება, რომ დილის საათებში გადადგილდნენ თავიანთ სამუშაოებზე და საღამოს დაბრუნდნენ. მათ დილის 6 საათიდან 8 საათამდე შეეძლებათ გადაადგილდნენ შესაბამის ადგილებში და 18.00 საათიდან 19.00საათამდე დაბრუნდნენ სახლებში და ეს გულისხმობს ავტომობილებით გადაადგილებას. აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია საკოორდინაციო საბჭოს მიერ და ამ გადაწყვეტლების უშუალო აღსრულება და ამ გადაწყვეტილებისთვის საშვების უშუალო უზრუნველყოფა არის თითოეულ მუნიციპალიტეტსა და რეგიონულ საკოორდინაციო საბჭოებზე“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.