დღიური შემოსავლის გარეშე დარჩნენ, კითხვებს აჩენს, რამდენად ადეკვატურია 300-ლარიანი დახმარება – საია თვითდასაქმებულებზე

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” მშრომელთა დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაცია წერს, რომ თვითდასაქმებულები პანდემიის პირობებში დღიური შემოსავლის გარეშე დარჩნენ, ამიტომ კითხვებს აჩენს, რამდენად ადეკვატურია მათთვის შეთავაზებული ერთჯერადი 300 ლარიანი დახმარება.

„მთავრობამ ანტიკრიზისული სოციალურ-ეკონომიკური გეგმა წარმოადგინა და მათ შორის განსაზღვრა კორონავირუსის პანდემიის შედეგად სოციალური დახმარების პაკეტი იმ დასაქმებულების მიმართ, რომლებმაც დაკარგეს სამსახური. თუმცა, კითხვებს აჩენს, რამდენად ადეკვატურია არაფორმალური ან/და თვითადასაქმებული პირებისათვის შეთავაზებული ერთჯერადი 300 ლარიანი დახმარება, მაშინ როდესაც, ეს პირები პანდემიის დროს დარჩნენ დღიური შემოსავლის გარეშე.

გარკვეულ შემთხვევებში, არ არსებობს თვითდასაქმებული და არაფორმალურ სექტორში დასაქმებული პირებისათვის ამ დახმარების მიღების შესაძლებლობა. დღეს არსებული მოცემულობით, პირი, რომელიც დასაქმებული იყო ფიზიკურ პირთან ვერ მიიღებს სახელმწიფოსგან ერთჯერად 300 ლარიან დახმარებას“, – წერია საიას განცხადებაში.

საია სახელმწიფოს მოუწოდებს დროულად განახორციელოს შრომის კანონმდებლობის რეფორმა, რითაც მეტად იქნება დაცული დასაქმებულების უფლებები.