დღეს 20 ივნისს აქციის მონაწილეებს ევროპარლამენტარები მიმართავენ. ინფორმაციას ამის შესახებ მოძრაობა “სირცხვილია” ავრცელებს. რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს მიმართავენ: რასა იუკნევიჩიენე, მარკეტა გრეგოროვა, ჟიგიმანტას პავილიონისი, ანდრიუს კუბილიუსი და ანა ფოტიგა.
”ივნისის ბოლოს ევროკავშირი საქართველოს კანდიდატობის სტატუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას გამოაქვეყნებს.
ევროპა ქართველების ისტორიული არჩევანი და მისწრაფებაა, რომლისთვისაც ყველა თაობამ მსხვერპლი გაიღო. ამ ჩვენი ისტორიული მისწრაფების ხელშესახები აქტი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციაა. ჩვენ, ქართველებმა, იმდროინდელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული დოკუმენტი შევქმენით და ევროპასთან ღირებულებითი კავშირის დეკლარირება შევძელით.
გაივლის 1 საუკუნე და რუსეთის ფედერაცია უკრაინის დასავლურ არჩევანს ახალი სამხედრო აგრესიით დაუპირისპირდება. უკრაინელი ხალხის გმირობისა და თავგანწირვის ფონზე კი უკრაინისთვის, საქართველოსა და მოლდოვისთვის უპრეცედენტო შანსი ჩნდება – გავხდეთ ევროკავშირის ნაწილი და დავბრუნდეთ იქ, სადაც ჩვენი ფესვები და მისწრაფებებია.
საქართველოს მოქალაქეები შესაძლოა ბევრ საკითხზე ვერ ვთანხმდებოდეთ, მაგრამ თავისუფლება, მშვიდობა, ეკონომიკური მდგრადობა, ადამიანების უფლებების დაცვა და სამართლიანობა ის ღირებულებებია, რომლებიც გვაერთიანებს და რომელთა გარანტიც სწორედ ევროკავშირთან ინტეგრაციაა.
სწორედ ამიტომ, ევროკავშირის პასუხის მოლოდინში, 20 ივნისს, 20:00-ზე, შევიკრიბებით პარლამენტის წინ და ვაჩვენებთ მსოფლიოს ქართველი ხალხის ერთგულებას ევროპული არჩევანისა და დასავლური ღირებულებებისადმი.
20 ივნისს, აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართავენ სამოქალაქო საზოგადოების, უკრაინის ხელისუფლებისა და ევროკავშირის წარმომადგენლები.
21:00 საათზე, აქციის მონაწილეები მსვლელობით გაემართებიან ევროპის მოედნისკენ, სადაც ღონისძიების დასკვნითი ნაწილი გაიმართება.” – ნათქვამია განცხადებაში.