“რაც შეიძლება ამას დავარქვა, არის ასეთი გამოთქვამ – ღრეობა შავი ჭირის დროსო. ვყოფილვარ ხოლმე ერთ-ორჯერ [კლუბში], ამის შედარება რესტორანთან, სადაც ადამიანები მაგიდასთან, დისტანციით სხედან, საქართველო მთვარეზე ხომ არ არის, მთელ ევროპაში დახურულია… მართლა არ მესმის. მე მესმის, რომ ძალიან ძნელია კლუბების მეპატრონეებისთვის, რადგან ძალიან დიდი ფინანსური ზარალია. რამდენადაც ვიცი, შარშან მაგათ მერიამ აუნაზღაურა, კომპენსაციაც იყო.

არავითარი შეთანხმება [მათთან] არ ყოფილა, შრომის ინსპექცია მუშაობდა, რომ რაღაც პირობები ყოფილიყო, რომ დაეწყოთ მუშაობა, მაგრამ არავინ დაპირებია, რომ თქვენ გაიხსნებით. მაგრამ გამოჩნდა ომიკრონი, სულ 2 კვირის ამბავია. მართლა ცოტა ადეკვატურები ხომ უნდა იყვნენ?! მე მესმის მათი ბიზნესინტერესები და მართლაც ვიცი, რომ ძალიან დაიჩაგრა ეს სექტორი, მაგრამ კლუბის შედარება შეიძლება, გარე სივრცეში რომ რაღაც ღონისძიება ტარდება? ეგენი მართლა კლუბში არ ყოფილან, თუ რა? მინიმუმ 2000 კაცი დახურულ სივრცეში რომ ცეკვავს, კარგით რა…”

ამბობს NCDC-ის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე ღამის კლუბებზე, რომლებსაც საკოორდინაციო საბჭომ გახსნის უფლება არ მისცა. დღეს შრომის ინსპექცია მათ დასალუქად მივიდა. უწყებას კლუბ ბასიანის ხელმძღვანელობამ და იქ შეკრებილმა ადამიანებმა კლუბის დახურვის უფლება არ მისცეს, რის შემდეგაც კლუბს 10 000-ლარიანი ჯარიმა გამოეწერა. კლუბების ცნობით, ისინი დღეს მუშაობას აპირებენ.