“ეგ უწიგნური კაცი, რა გარეჯზე მელაპარაკება, საერთოდ იცის რა არის გარეჯი? “- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
„მე შეგნებულად ამ საქმეს არ დავარქმევ დავით გარეჯის საქმეს. ესაა კარტოგრაფების საქმე, მსგავსი ექიმების საქმესა და სხვა ასეთი ტიპის საქმეებისა, რომლებსაც სტალინის ეპოქის სუნი ასდის. პირველი და მთავარი, ჩვენმა მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ ივანიშვილის მთავრობა დღეს თქვენ გატყუებთ, აბსოლუტურად უსისხლძარღვოდ და უსინდისოდ. საქართველო-აზერბაიჯანს შორის სადემარკაციო ხაზი გარეჯის მონაკვეთში დამტკიცებული არაა, შესაბამისად, რაც არ უნდა მოემოქმედათ ილიჩოვას ან მელაშვილს, ვინაიდან ეს დამტკიცებული არაა, დანაშაულზე საუბარი საერთოდ ზედმეტია.
ყველა, ვინც გარეჯზე ილაპარაკებს, არის ივანიშვილის პროპაგანდისტი ან შეგნებულად ან შეუგნებლად შეცდომაში შესული, ან შეგნებულად გამყალბებელი, როგორიცაა ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი.
ივანიშვილის და ღარიბაშვილის მიერ წამოწყებული ეს უსუსური, უგვანო და მავნებლური კამპანია, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ წინასაარჩევნო პერიპეტიებს ეხება, საშვილიშვილოდ და საბოლოოდ გვაკარგვინებს აზერბაიჯანთან ნორმალური მოლაპარაკების შანსს, რომ დავით გარეჯის მთლიანობა დაცული იყოს საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში.
წარმოიდგინეთ, 2008 წლის ომის დროს ილჰამ ალიევს რომ დაებარებინა პროკურორი და ეთქვა, ერთი გაარკვიეთ იქ სადემარკაციო-სადელიმიტაციო კომისია რაღაცებს ურევს, რა რეაქცია იქნებოდა საქართველოში და საქართველოს მოქალაქეებში? ახლა სარკისებურად გადათარგმნეთ რა ხდება აზერბაიჯანში და როგორ უყურებენ ამას აზერბაიჯანის მოქალაქეები.
ესაა სიბინძურე იმისთვის, რომ არჩევნებში ჩაფლავებულმა, ჩასვრილმა „ქართულმა ოცნებამ”, ეკონომიკის დამანგრეველმა „ქართულმა ოცნებამ”, იმ ყველაფრის გადასაფარად, რაც ქვეყანაში ხდება, ამ სახელმწიფოს მოღალატეებმა, უტვინოებმა წამოიწყეს ერთ-ერთი ყველაზე ფეთქებადი საქმე. ის ლამა რომ არის, ყელმოღერებული ლამა, ღარიბაშვილი, ეგ უგვანო და უწიგნური კაცი, რა გარეჯზე მელაპარაკება, საერთოდ იცის რა არის გარეჯი?“,-აღნიშნა უგულავამ.