საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების გაფორმებიდან 6 წელი გავიდა. ამ თარიღს Facebook-ის გვერდზე ეხმიანება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკანიანი, რომელიც წერს, რომ “ასოცირების ხელშეკრულება საქართველოს გზამკვლევია უფრო მეტად წარმატებული, უფრო დემოკრატიული, ეკონომიკურად უფრო ძლიერი მომავლისკენ”.
“2014 წლის 27 ივნისს საქართველომ და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს ასოცირების შეთანხმებას, რითაც ეს თარიღი, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს უახლესი ისტორიის საგარეო ურთიერთობების ყველაზე მნიშვნელოვან დღედ იქცა.
მეამაყება, რომ როგორც მთავარ მომლაპარაკებელს, საკუთარი მოკრძალებული წვლილი მაქვს შეტანილი ამ პროცესში. მიმაჩნია, რომ ეს ჩემი დიპლომატიური კარიერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ხელშესახები შედეგია და ყოველთვის ვიამაყებ იმ მემკვიდრეობით, რაც ამ დოკუმენტის სახით ქვეყანას და დიპლომატიურ სამსახურს დარჩება.
ასოცირების ხელშეკრულება საქართველოს გზამკვლევია უფრო მეტად წარმატებული, უფრო დემოკრატიული, ეკონომიკურად უფრო ძლიერი მომავლისკენ. ამიტომ მინდა, ეს დღე მივულოცო საქართველოს ყველა მოქალაქეს, რადგან ასოცირების შეთანხმება ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის მონაპოვარია.
საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმება საქართველოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ისტორიულ კავშირსა და საერთო ღირებულებებს ეფუძნება და საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციისთვის გადასადგმელ კონკრეტულ ნაბიჯებს მოიცავს. შეთანხმებით ასევე აღიარებულია საქართველოს მისწრაფება, რომ შეუერთდეს ევროპული ერების ერთიან ოჯახს.
ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისკენ დამოუკიდებელმა საქართველომ გრძელი და რთული გზა განვლო. ეს შეთანხმება საქართველოს მოქალაქეების ევროპული არჩევანის კონკრეტული გამოხატულებაა და ამ არჩევანის განხორციელებისთვის აუცილებელ საშუალებებსაც ითვალისწინებს.
ევროკავშირთან ინტეგრაცია საქართველოსთვის მხოლოდ საგარეო პოლიტიკის საკითხი არაა. ეს პროცესი მჭიდროდაა დაკავშირებული საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებასთან, ეკონომიკურ განვითარებასთან, ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების დონის ამაღლებასთან, ჩვენი უძველესი კულტურის შემდგომ წარმატებებთან და საქართველოს მშვიდობიან მომავალთან. ყველა, ვინც იცნობს საქართველოს ბოლო ათწლეულების ისტორიას, ხედავს პროგრესს თითოეული ამ მიმართულებით და ეს პროგრესი ასოცირების შეთანხმების შესრულების კვალდაკვალ, კიდევ უფრო თვალნათლივი გახდება.
საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაცია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და შერიგების პოლიტიკასაც უკავშირდება. კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება საქართველოსა და ევროკავშირს შორის პოლიტიკური დიალოგის ერთ-ერთი ცენტრალური საკითხია. ასოცირების შეთანხმება
ითვალისწინებს მხარეთა ვალდებულებას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართ საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ადასტურებს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების ასევე, იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნების მნიშვნელობას.
ასოცირების შეთანხმების შესრულება საქართველოს ხელისუფლების და თითოეული ჩვენი მოქალაქის ვალდებულებაა, რადგან ესაა ვალდებულება ჩვენი ქვეყნის, მისი მომავლის მიმართ იმისთვის, რომ ჩვენმა მომავალმა თაობებმა იცხოვრონ მშვიდობიან, წარმატებულ, ძლიერ და განვითარებულ ქვეყნაში, რადგან ამას საქართველო თავისი ისტორიით და თავისი ღირებულებებით, მისწრაფებებითა და ხანგრძლივი ძალისხმევით იმსახურებს”, წერს ზალკანიანი.