ევროკავშირის საგარეო მინისტრები შუამავლობის ჯგუფს ქმნიან – ლანდსბერგისი

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, გაბრიელიუს ლანდსბერგისის თქმით, ევროკავშირის მინისტრები “შუამავლების ჯგუფს” ქმნიან, რათა საქართველოს პოლიტიკური კრიზისის მოგვარებაში დაეხმარონ. ინფორმაციას ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

კითხვაზე – აპირებს თუ არა თავად საქართველოში ჩასვლას, ლანდსბერგისმა განაცხადა, რომ „ევროკავშირის უფრო დიდი დელეგაცია შეიძლება ჩავიდეს საქართველოში“.

“არის გეგმები [საქართველოში ჩასვლის], ჩვენ ახლა განვიხილავთ, სასარგებლო იქნება მსგავსი ვიზიტი თუ არა. იქნება საგარეო საქმეთა მინისტრებისგან შუამავლების ჯგუფი, და ის აუცილებლად მოიცავს ერთზე მეტ ქვეყანას. მჯერა, რომ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის სიგნალის მიცემა, არა მხოლოდ ლიეტუვიდან… ეს უნდა იყოს ევროპული სიგნალი, რადგან ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს ევროპულ და ტრანსატლანტიკურ ინტეგრაციაზე”. – ამბობს ლანდსბერგისი.