ბრიუსელში დღეს ბლოკში შემავალი ყველა წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობით ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს სხდომა გაიმართა.
“რადიო თავისუფლების” ცნობით, ბრიუსელელი კორესპონდენტის რიკარდ იოზვიაკის განცხადებით, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების პოლიტიკის ხელმძღვანელმა ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის მინისტრებს მოკლედ უამბო საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის, პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის შუამავლობით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გამართული მოლაპარაკებების შესახებ. აქვე აღინიშნა, რომ ამ მოლაპარაკებამ ვერ მიაღწია წარმატებას და შესაბამისად, წამოიჭრა საკითხი ქრისტიან დანიელსონის მისიის გაგრძელების შესახებ, რასაც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ძირითადად დაეთნხმნენ.
მაგრამ ის, თუ როდის ჩამოვა საქართველოში დანიელსონი, ცოტა მოგვიანებით, მისი და შარლ მიშელისა შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი.
ევროკავშირის მაღალჩინოსანი კრისტიან დანიელსონი 12 მარტიდან ჩაება ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინიციატივით და მისი პირადი მონაწილეობით 1 მარტს, თბილისში დაწყებულ მედიაციის პროცესში. პროცესში მონაწილეობდნენ ევროკავშირის და აშშ-ის ელჩები, კარლ ჰარცელი და კელი დეგნანი. ერთობლივ შეხვედრაზე, რომელიც 18 მარტს დაიწყო და გვიან ღამემდე გაგრძელდა, მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.