ევროკავშირის ქვეყნებში ანტი-ლოქდაუნ აქციებს მარგინალები მართავენ, ამაში ვგავართ – პაპუაშვილი

ქართული ოცნების დეპუტატი შალვა პაპუაშვილი ფიქრობს, რომ საქართველოში ლოკდაუნის მოწინააღმდეგეები “მეცნიერების უარმყოფელი მარგინალები” არიან.

მისი მტკიცებით, ამ მხრივ საქართველო ევროკავშირის ქვეყნებს ჰგავს.

“ანტი-ლოქდაუნ აქციები ევროკავშირის ქვეყნებშიც იმართება. ამაში ჩვენ მათ ვგავართ. იქ, ამ აქციებს, რადიკალი მემარჯვენეები, კონსპირაციის თეორიის მიმდევრები, მეცნიერების უარმყოფელი მარგინალები მართავენ. როგორც ჩანს, ამაშიც ვგავართ.

ოღონდ ჩვენები, ამ ყველაფრის მერე, ვითომც არაფერი, საღამოს თოქშოუებში დასხდებიან და ჰუმანიზმზე და ევროპულ ღირებულებებზე გაგვესაუბრებიან.

აი ისინი, ამ წუთას, პოლიციელს, პირპადის გარეშე, სახეში რომ ასუნთქავენ”,– წერს პაპუაშვილი Facebook–ზე.

ცნობისთვის, სამოქალაქო აქტივისტებმა გუშინ “დაუმორჩილებლობის მარში” ჩაატარეს, რის შემდეგაც დედაენის ბაღში შეიკრიბნენ და კომენდანტის საათი დაარღვიეს. ისინი დაწესებული რეგულაციების, მათ შორის კომენდანტის საათის მოხსნას ითხოვენ, რომელიც, მათი თქმით, ბიზნესს კლავს და ადამიანებს შიმშილისთვის იმეტებს.