ევროკავშირის 27 ქვეყანაში დღეიდან Covid19-ის წინააღმდეგ ვაქცინაცია ოფიციალურად დაიწყო

ევროკავშირმა დღეიდან ოფიციალურად დაიწყო მოქალაქეების Covid19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია.

ევროკავშირმა ეს პროცესი ბრიტანეთსა და აშშ–ზე რამდენიმე კვირით გვიან დაიწყო, რადგან წევრი ქვეყნების მთავრობები Pfizer-BioNTech –ის ვაქცინის ევროპის წამლის სააგენტოს მიერ დამტკიცებას ელოდებოდნენ.

დროთა განმავლობაში ჯამში 446 მილიონი ადამიანის აცრაა დაგეგმილი, თუმცა ჯერჯერობით ევროკომისიამ მწარმოებელთან 200 მილიონ დოზაზე გააფორმა კონტრაქტი იმ პირობით, რომ კიდევ 100 მილიონს შეისყიდის.

სხვა მწარმოებლების ვაქცინებთან ერთად ჯამში ევროკავშირმა ორ მილიარდ დოზაზე მეტი ვაქცინა შეიძინა.

ევროკომისიის თავმჯდომარემ, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ Pfizer-BioNTech–ის ვაქცინა ევროკავშირის 27 ქვეყანაში უკვე მიიტნეს ვაქცინაციის ცენტრებში.

“ეს ერთიანობის ამაღელვებელი მომენტია. ვაქცინაცი პანდემიიდან გრძელვადიანი გამოსავლის იმედია“– დაწერა მან ტვიტერზე.

ცალკეული ქვეყნები ვაქცინაციის ოფიციალურ დაწყებას არ დაელოდნენ  და მოქალაქეების აცრა ჯერ კიდევ შაბათს დაიწყეს.

იტალიაში პირველ რიგში ვაქცინა სამედიცინო მუშაკებმა მიიღეს. მათი თქმით, პროცესმა კარგად ჩაიარა და ეს ამაღელვებელი, ისტორიული მომენტია.