ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს, აგვისტოს ომთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების სათანადო შესრულება უზრუნველყოს. ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
“21 იანვარს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლოს დიდმა პალატამ გამოიტანა ისტორიული გადაწყვეტილება სახელმწიფოთაშორისი დავის შესახებ, რომელიც საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის 2008 წლის აგვისტოში შეიარაღებულ კონფლიქტს და მის შედეგებს ეხება. გადაწყვეტილება მკაფიოდ ადგენს, რომ 2008 წლის 12 აგვისტოს შემდეგ რუსეთის ფედერაცია ახორციელებდა ეფექტურ კონტროლს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზე და დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რიგი მუხლები.
სამართლის აღსრულება და ანგარიშვალდებულება კონფლიქტის გადაჭრისთვის მნიშვნელოვანია და ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, უზრუნველყოს სასამართლოს გადაწყვეტილების სათანადო შესრულება.
ევროკავშირი სრულად ერთგულია კონფლიქტის გადაჭრის, რაც ასევე მოითხოვს ძალისხმევას, რათა წარსული კონფლიქტების მემკვიდრეობას პასუხი გაეცეს. ევროკავშირის ამას აკეთებს მათ შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში მონაწილეობით, სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ძალისხმევით და გადამწყვეტ როლს თამაშობს ევროკავშირის მონიტორინგის მისია, რომელიც ადგილზე იმყოფება.
ევროკავშირის ოჯახი მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.