ევროკავშირი: ჩვენ მზად ვართ გაზით შანტაჟის უკიდურესი ვარიანტისთვის

ევროკავშირის მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მზად არის მოსკოვის მხრიდან გაზის მიწოდებით მანიპულირების ყველაზე ექსტრემალური ვარიანტისთვის, რომელსაც რუსეთი ომის იარაღად იყენებს.

ევროკომისარმა ეკონომიკის საკითხებში პაოლო ჯენტილონიმ ამის შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც “ჩრდილოეთ ნაკადი1“–მა მოლოდინის მიუხედავად შაბათს საღამოს მუშაობა არ განაახლა.

რუსული მხარე ამტკიცებს, რომ გაზტურბინის ძრავის ამუშავებას ხელი ზეთის გაჟონვამ შეუშალა. ტურბინის მწარმოებელი სიმენსი კი ამტკიცებს, რომ გაჟონვის აღმოსაფხვრელად ძრავის გაჩერება საჭირო არ არის.

ევროკავშირის ქვეყნები წინასწარ ვარაუდობდნენ მიწოდების პრობლემების შექმნას, ამიტომაც ბოლო თვეების მანძილზე ყველა შესაძლო გზით გაზის მარაგების გაზრდას ცდილობდნენ.

სააგენტო ბლუმბერგის ექსპერტი ენერგეტიკის საკითხებში, უილ კენედი ამბობს, რომ მართალია ეს ძალისხმევა შედეგიანია, მაგრამ ჯერ კიდევ შეიძლება არასაკმარისი აღმოჩნდეს:

“საფრთხე იმაშია, რომ როცა ზამთრის მეორე ნახევარს მივუახლოვდებით გაზის გარეშე ან რუსეთიდან გაზის მცირე მიწოდებით, ევროპას ძალიან გაუჭირდება მთელი მოთხოვნის დაკმაყოფილება“.

ევროკავშირის ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრების სასწრაფო მოლაპარაკებები უახლოეს პარასკევს გაიმართება. ევროკავშირი არამდგრადი ბაზრის და მაღალი ფასებისგან მოქალაქეების დაცვის გზებს ეძებს.

გაზსადენ “ჩრდილოეთის ნაკადს“, რომლითაც ევროპას რუსული გაზი მიეწოდოება, მუშაობა შაბათს ღამე უნდა განეახლებინა, თუმცა ეს აღარ მოხდება. სამდღიანი პროფილატქიკური სამუშაოების შემდეგ გაზპრომს “ჩრდილოეთ ნაკადის“ მწყობრში მყოფი ერთადერთი აგრეგატი შაბათს ღამით უნდა აემუშავებინა, თუმცა ეს არ მოხდა.

პარასკევს კომპანიამ განაცხადა, რომ გაზის გაშვების წინ გაზსადენის ტექნიკური შემოწმებისას ზეთის გაჟონვა აღმოაჩინეს, რაც ვერ უზრუნველყოფს “გაზტურბინის ძრავის უსაფრთხო ექსპლუატაციას“.

გაზპრომს მილსადენის ექსპლუატაციაში ჩაშვების და ტექნიკური პრობლემის მოგვარების არანაირი ახალი ვადა არ დაუსახელებია. შესაბამისად, უცნობია, როდის განახლდება ევროპისთვის რუსული გაზის მიწოდება.

ევროპელი ჩინოვნიკები და პოლიტიკოსები დარწმუნებულნი არიან, რომ ტექნიკური პრობლემები გამოგონილია, რათა ევროკავშირი გათბობის სეზონის წინ გაზის გარეშე დატოვონ და აიძულონ რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში აგრესიის გამო დაწესებული სანქციები შეამსუბუქოს.

რუსეთი ამბობს, რომ დასავლეთი თვითონ არის დამნაშავე, რადგან სანქციები გაზპრომს ხელს უშლის ტურბინებს მოემსახუროს და გაზსადენი მუშა მდგომარეობაში იყოს. კრემლის პრესმდივანმა პარასკევს თქვა, რომ “მოულოდნელობები ნებისმიერ მომენტში შეიძლება მოხდეს“, რადგან ტექნოლოგიური რეზერვები არ არსებობს და მხოლოდ ერთი ტურბინა მუშაობს.

ევროკავშირს უკვე აღარ ჯერა რუსული გაზის მიწოდების სტაბილურობის და გაზის ბლოკადისთვის ემზადება. მას არ შეუძლია სწრაფად თქვას უარი რუსულ გაზზე, თუმცა მოამზადა გრძელვადიანი გეგმა, ჯერჯერობით კი გაზის ეკონომიას აპირებს.

პარასკევს ევროკომისიის მეთაურმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა თქვა, რომ ევროკავშირი ფიქრობს 27 ქვეყნისგან შემდგარი კარტელის შექმნას, რომლის მოსახლეობა 450 მილიონია, და რომელსაც შეეძლება რუსული გაზის შესყიდვის ზედა ზღვრული ფასის დაწესება, როგორც მაგალითად დიდი შვიდეული გეგმავს რუსულ ნავთობთან მიმართებაში.

კრემლმა გაზის ომი ევროკავშირთან ერთ წელზე მეტია რაც დაიწყო.

თებერვალში უკრაინაში შეჭრის შემდეგ კრემლის ლიდერმა კიდევ უფრო მოუჭირა გაზის ონკანს და ევროპა მრავალწლიანი, ისტორიული მაშტაბების ენერგეტიკული კრიზისის საფრთხის წინაშე დააყენა.

რუსული იმპორტი ომამდე ევროპული გაზის მოხმარების 40%–ს შეადგენდა. ახლა ეს წილი 25%–მდე შემცირდა.