ევროკავშირი AstraZeneca–ს ვაქცინის ბრიტანეთში ექსპორტის აკრძალვით იმუქრება

ევროკავშირი ბრიტანეთში AstraZeneca–ს ვაქცინის ექსპორტის ბლოკირებას აპირებს, სანამ კომპანია ევროკავშირის ქვეყნებში სავალდებულო მიწოდების ვალდებულებებს არ შეასრულებს. ამის შესახებ სააგენტო ბლუმბერგი სანდო წყაროებზე დაყრდნობით წერს.

ამ დღეებში ასეთ შესაძლებლობაზე ევროკომისიის ხელმძღვანელი, ურსულა ფონ დერ ლაიენი საუბრობდა. გერმანული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში მან თქვა, რომ 2021 წლის პირველ კვარტალში AstraZeneca–მ ევროკავშირის ქვეყნებს ვაქცინების დაგეგმილი რაოდენობის მხოლოდ 30% მიაწოდა.

“ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ექსპორტი ავკრძალოთ. ასტრაზენეკასთვის ასეთი მესიჯი გვაქვს: შეასრულეთ ევროპასთან კონტრაქტის პირობები, სანამ ვაქცინას სხვა ქვეყნებს მიაწვდით“– თქვა მან.

შესაძლო აკრძალვების საკითხი ხუთშაბათს ბრიუსელში ევროკავშირის სამიტზე განიხილება.

ბრიტანულმა მედიამ უკვე დათვალა, რომ ამ გადაწყვეტილებამ ბრიტანეთში მოსახლეობის ვაქცინაციის პროცესი მინიმუმ ორი თვით შეიძლება შეაფერხოს და ხელლისუფლებას კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების გაგრძელება აიძულოს.

ევროკავშირის ქვეყნები ახლა ცდილობენ ვაქცინაციის ტემპები აღადგინონ, მას შემდეგ, რაც ევროპის წამლის სააგენტომ თქვა, რომ თრომბოზის შემთხვევები ამ ვაქცინას არ უკავშირდება,  ნაციონალურმა რეგულატორებმა კი AstraZeneca–ს ვაქცინის გამოყენებაზე ყოველგვარი შეზღუდვა მოხსნეს.

მიუხედავად იმისა, რომ აკრძალვები ხანმოკლე იყო, ზოგიერთი ქვეყანა უკვე წააწყდა მიწოდების შეფერხებას. მაგალითად, ვაქცინის პარტია, რომელიც იტალიაში გასულ კვირას უნდა ჩასულიყო, იქ ამ კვირის ბოლომდე ვეღარ ჩავა.

ეს ყველაფერი კი კორონავირუსის მესამე ტალღის ფონზე ხდება, რომელზეც სერიოზულად საუბრობს ევროპის რამდენიმე ქვეყნის ხელისუფლება.