ევროკავშირმა ვაქცინაციის პროცესის მხარდასაჭერად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის გამოყოფილი 40 მილიონი ევრო კიდევ 35 მილიონით, 75 მილიონ ევრომდე გაზარდა. შესაბამისი ინფორმაცია ევროკომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
დახმარების პაკეტით ისარგებლებენ საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა და უკრაინა.
“პარტნიორ ქვეყნებში ვაქცინაციის პროცესის მხარდასაჭერად ევროკავშირის ძალისხმევის ნიშნად, ევროკომისიამ 40 მილიონი ევროდან 75 მილიონ ევრომდე გაზარდა დახმარების პაკეტია ღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანაში : სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსია, საქართველო, მოლდოვას რესპუბლიკა და უკრაინა.
ევროკავშირის დახმარება მოიცავდა ვაქცინაციის კამპანიაში ჩართული ჯანდაცვის მენეჯერებისა და სამედიცინო პერსონალის ტრენინგს, ვაქცინების და მარაგების მიწოდებისა და მართვის ძირითად ლოჯისტიკურ მხარდაჭერას, ვაქცინაციის მონაცემებისა და უსაფრთხოების მონიტორინგს, კომუნიკაციას და საზოგადოების ჩართულობას, ასევე ციფრული კოვიდსერთიფიკატის განვითარების მხარდაჭერას”, – ნათქვამია განცხადებაში.
ორგანიზაციის განმარტებით, აღნიშნული თანხა დაემატება თებერვალში გამოყოფილ 40 მილიონი ევროს მოცულობის დახმარების პაკეტს, რომელიც მოსახლეობის უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინაციისთვის მზადყოფნის გაუმჯობესება იყო.