ევროკავშირმა AstraZeneca–ს დამტკიცება დაიწყო. ბოლო ინფორმაცია Covid ვაქცინაციის შესახებ მსოფლიოში

ოთხშაბათს ვაქცინაციის კამპანია დაიწყო მსოფლიოს ერთ–ერთ ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ქვეყანა ინდონეზიაში. ადგილობრივმა რეგულატორმა მოხმარებისთვის დაამტკიცა ჩინური ვაქცინის – CoronaVac–ის  (ჩინური კომპანია Sinovac–ის წარმოება) მოხმარება მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიაში ჩატარებულმა ბოლო კლინიკურმა კვლევამ ამ ვაქცინის მხოლოდ 50%–იანი ეფექტურობა აჩვენა. ეს მაჩვენებელი საკმარისი აღმოჩნდა ბრაზილიის ხელისუფლების მიერ მისი დამტკიცებისთვის.

ინდონეზიის პრეზიდენტი, ჯოკო ვოდოდო პირველი ადამიანი გახდა ქვეყანაში, ვინც აცრა გაიკეთა. ამ მომენტის ტრანსლირება ადგილობრივი ტელევიზიის პირდაპირ ეთერში მოხდა.

ევროკავშირის რეგულატორმა კი ცოტა ხნის წინ ოქსფორდის უნივერსიტეტის და კომპანია  AstraZeneca–ს ვაქცინის დამტკიცების პროცედურა დაიწყო. ევროკავშირის ქვეყნები მოუთმენლად ელიან მომენტს, როცა მისი მოხმარება უკვე შესაძლებელი იქნება, რადგან გასული წლის დეკემბერში დაწყებული ვაქცინაცია ქვეყნების უმეტესობაში არც ისე სწრაფად და ეფექტურად მიმდინარეობს, როგორც ელოდნენ.  AstraZeneca–ს წარმოების პრეპარატი უკვე დამტკიცებულია ბრიტანეთის ხელისუფლების მიერ.

საიტ Politico-ს მონაცემებით ევროკავშირის მსხვილ ქვეყნებში ვაქცინაცია მოსახლეობის დაახლოებით 1%–მა ჩაიტარა. თუმცა ზოგ ქვეყანას უფრო დაბალი მაჩვენებელი აქვს, მაგალითად საფრანგეთში აცრა 100 ადამიანიდან მხოლოდ 0.29–მ გაიკეთა.

ვაქცინაცია დაიწყო ვატიკანში. ჟურნალისტების ინფორმაციით აცრა უკვე გაიკეთა რომის პაპმა, ფრანცისკმა, თუმცა ეს მონაცემები ჯერ ოფიციალურად არ დადასტურებულა. გასულ კვირას ვატიკანის ხელისუფლებამ სპეციალური მაცივარი შეიძინა, რომელშიც Pfizer/BioNTech–ის ვაქცინა -70 გრადუსშე ინახება.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ ევროკავშირს მიმართა თხოვნით, ვაქცინის შეძენაში დაეხმარონ. მან ამის შესახებ კიევში მოლდოვას ახლადარჩეული პრეზიდენტის, მაია სანდუს ვიზიტისას განაცხადა.

“ვთვლი, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს მომეტებული ყურადღება უნდა დაეთმოს ევროკავშირის სახელმწიფოების მხრიდან ვაქცინის ერთობლივად შეძენის და მიწოდების დაჩქარების საკითხებში“ – თქვა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის პროექტში უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად საქართველოც შედის.

უკრაინამ უკვე გადაწყვიტა ჩინური კომპანია Sinovac–ის ვაქცინის შეძენა. თებერვალში ქვეყანა ამ პრეპარატის 700 ათას დოზას მიიღებს.

ალბანეთის ხელისუფლება კი უარს ამბობს დაასახელოს ქვეყანა, რომელმაც ტირანას 1 ათასი დოზა  Pfizer и BioNTech–ის ვაქცინა მიაწოდა. პრემიერმა ედი რამამ ორშაბათს ქვეყანაში პირველი აცრა გაიკეთა, თუმცა არ თქვა, საიდან მიიღო ქვეყანამ პრეპარატი. მან მხოლოდ ის განმარტა, რომ დონორი ერთ–ერთი ევროპული სახელმწიფო იყო, რომელმაც თხოვა მისი იდენტიფიცირება არ მომხდარიყო.