ევროკავშირში რუსეთის წარმომადგენლობის 19 თანამშრომელს ბრიუსელიდან აძევებენ

ევროკავშირმა დააანონსა, რომ ევროკავშირში რუსეთის წარმომადგენლობის 19 მუდმივ თანამშრომელს ბრიუსელიდან გააძევებენ და პერსონა ნონ გრატად გამოაცხადებენ

“უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის გადაწყვეტილების შესაბამისად, ბრიუსელში მდებარე ევროკავშირში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლობის 19 თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა მათი დიპლომატიური სტატუსისთვის შეუსაბამო საქმიანობის გამო.“– ნათქვამია დოკუმენტში.

დღეს ევროპის საგარეოპოლიტიკური სამსახურის გენერალურმა მდივანმა რუსეთის მისიის ხელმძღვანელს, ვლადიმირ ჩიხოვს ამ გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ მოსკოვი “შესაბამის პასუხს გასცემს“ ამ გადაწყვეტილებას.

მანამდე მსგავსი გადაწყვეტილება ევროკავშირის არაერთმა ქვეყანამ მიიღო: სლოვენიამ, რუმინეთმა, გერმანიამ, საფრანგეთმა, იტალიამ, დანიამ, ლიტვამ და ლატვიამ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დონე შეამცირეს. დიპლომატიური წარმომადგენლობების თანამშრომელთა ნაწილს ამ ქვეყნებიდან შპიონაჟის ეჭვის გამო აძევებენ. მათ ბრალი ედებათ “დიპლომატიურ სტატუსთან შეუსაბამო საქმიანობაში“. ეს გადაწყვეტილება ევროპის ქვეყნებმა ბუჩაში რუსული არმიის მიერ ჩადენილი სისასტიკის შემდეგ მიიღეს.