ევროკომისია ევროკავშირის წევრ ქვეყნებს სთავაზობს, ვაქცინირებული ადამიანებისთვის მოგზაურობასთან დაკავშირებული არასაჭირო შეზღუდვები გააუქმონ.
კერძოდ, ევროკომისია წინადადებით გამოდის, რომ ევროკავშირში შესვლის უფლება მიეცეთ არა მხოლოდ იმ მოქალაქეებს, რომლებიც კარგი ეპიდემიოლოგიური ვითარების მქონე ქვეყნებიდან არიან, არამედ მათაც, ვისაც მიღებული აქვს ევროკავშირის მიერ ავტორიზებული ვაქცინის ორივე დოზა, მათ შორის, მეორე დოზა გაიკეთეს 14 ან მეტი დღით ადრე.
“დღეს ევროკომისია გთავაზობთ, რომ წევრმა სახელმწიფოებმა ევროკავშირში არასაჭირო შეზღუდვები შეამსუბუქონ, რათა გაითვალისწინონ მსოფლიოში ვაქცინაციის კამპანიის მიმდინარეობა. ევროკომისია წინადადებით გამოდის, რომ ევროკავშირში შესვლის უფლება მისცენ არა მხოლოდ, იმ ქვეყნებიდან შემოსულ პირებს, სადაც კარგი ეპიდვითარებაა, არამედ იმ ადამიანებსაც, რომლებიც ევროპის მიერ ავტორიზებული ვაქცინის ბოლო დოზა აქვს გაკეთებული”,- ნათქვამია განცხადებაში.
ევროკომისიის მოწოდებით, ეს პირობა შეიძლება გავრცელდეს იმ ვაქცინებზეც, რომლებიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გადაუდებელი გამოყენებისთვის დაუშვა.
ამ ეტაპზე ევროპული წამლის სააგენტოს მიერ 4 ვაქცინაა ავტორიზებული: ფაიზერი, მოდერნა, ვაქსზევრია (ასტრაზენეკა) და ჯონსონი. წამლის სააგენტო ამ ეტაპზე განიხილავს ავტორიზაციის მინიჭებას შემდეგი ვაქცინებისთვის: CVnCoV ნოვავაქსი და რუსული სპუტნიკი.