ევროპარლამენტარების მახვილი მზერით ჩანს ძეგლებიც და სტალინის კულტის განდიდება – სამხარაძე

”ჩვენ ვერ ვხედავთ სტალინის ძეგლებს თავისუფლების მოედანზე, აეროპორტში, ბათუმში ერას მოედანზე, თელავში თეატრის წინ – მხოლოდ ევროპარლამენტარების მახვილი მზერით ჩანს ძეგლებიც და სტალინის კულტის განდიდება” – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ნიკოლოზ სამხარაძემ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე განაცხადა.

„მე ძალიან გამიჭირდება ამ რეზოლუციაზე სერიოზულად საუბარი და ალბათ, ჩემი პარლამენტში 4-წლიანი მოღვაწეობის მანძილზე ყველაზე არასერიოზული კომენტარი მექნება, იმიტომ რომ უბრალოდ, წარმოუდგენელია სერიოზული კომენტარი გავაკეთოთ იმ ჩანაწერზე რაც იქ იყო. დავიწყოთ სააკაშვილის გათავისუფლებით – მე მართლა იმედი მქონდა, რომ ევროპარლამენტი რეზოლუციაში მოუწოდებდა, რომ „ვივამედის“ ექიმები ნობელის პრემიაზე წარედგინათ მედიცინის დარგში, რადგან მათ მოახერხეს შეუძლებელი და განკურნეს დემენციით დაავადებული ადამიანი. ეს არის პირველი შემთხვევა მსოფლიოში, შესაბამისად, იმედი მქონდა, რომ ევროპარლამენტი ამას გააკეთებდა, მაგრამ იმედგაცრუებული დავრჩი.

რაც შეეხება ტერიტორიების აღიარებას – ჩვენ არა მხოლოდ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის, არამედ გურიის, სამეგრელოს, კახეთის, იმერეთის [აღიარებას] ვაპირებთ და ერთადერთი მიზეზი, რატომაც აქამდე არ გაგვიკეთებია ეს და გაგვიგრძელდა არის ის, რომ ვერ გადავწყვიტეთ რაჭა და ლეჩხუმი ცალ-ცალკე ვაღიაროთ თუ ერთად. მსგავსი სისულელეები წერია რეზოლუციაში. სტალინის კულტზე კიდევ ერთხელ ჩანაწერი გაკეთდა. ჩვენ ალბათ, საქართველოს მოქალაქეები ვერ ვხედავთ სტალინის ძეგლებს, რომლებიც დგას თავისუფლების მოედანზე თბილისში, სპორტის სასახლის წინ, აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე, ბათუმში ერას მოედანზე, თელავში თეატრის წინ და მხოლოდ ევროპარლამენტარების ბასრი და მახვილი მზერით ჩანს ეს სტალინის ძეგლები და სტალინის კულტის განდიდება საქართველოში. კიდევ საბჭოთა ნოსტალგიაზეც ეწერა იქ. ჩანაწერი იყო, რომ ჩვენ თურმე საბჭოთა ნოსტალგიით ვართ შეპყრობილები. მე მაგალითად, 10 წლის ვიყავი საბჭოთა კავშირი რომ დაიშალა და ჩვენი წევრების დიდი ნაწილი საერთოდ დაბადებულიც არ იყო. მათში, ალბათ, ყველაზე ძალიან არის მომძლავრებული საბჭოთა ნოსტალგია, ვინც ვერ მოესწრო საბჭოთა კავშირს. საერთოდ როგორ შეგვიძლია რომელიმე ამ ჩანაწერზე სერიოზული კომენტარი გავაკეთოთ?! ეს უკვე აღარც სამარცხვინოა და საერთოდ არაფერში წერია. მსგავსი სისულელეების ერთად თავმოყრილი დოკუმენტი ნამდვილად არასოდეს მინახავს და არასოდეს წამიკითხავს”, – აცხადებს სამხარაძე.