ევროპარლამენტარი რობერტ ბიედრონი ბელარუსში არ შეუშვეს

ევროპარლამენტარი რობერტ ბიედრონი ბელარუსში არ შეუშვეს. ინფორმაციას ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩიუსი Twitter-ზე ავრცელებს:

“ლუკაშენკოს რეჟიმმა ჩემი კოლეგა, ევროპარლამენტის წევრი, რობერტ ბიედრონი არ შეუშვა  მინსკში დღეს. რობერტი დაადეპორტეს, ჩემი ბილეთები კი გააუქმეს. ეს არის ის, რასაც ლუკაშენკო დიალოგს ეძახის. Zhyvie Belarus!” – წერს აუსტრევიჩიუსი.

ბიედრონი მინსკში, ამ დროისათვის ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესასწავლად უნდა ჩასულიყო.

შეგახსენებთ, რომ უკვე ერთი კვირაა ბელარუსში მასობრივი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მოსახლეობას საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრ ლუკაშენკოს გამარჯვების არ სჯერა და აპროტესტებს.

ბელარუსის ცესკო-ს მონაცემებით ლუკაშენკომ 80%-იანი მხარდაჭერა მიიღო, მისმა კონკურენტმა კი 10%.

მოსახლეობა ცვლილებებს და სამართლიან არჩევნებს ითხოვს. დემონსტრაციები სპეცრაზმთან შეტაკებების ფონზე მიმდინარეობს, რასაც მსხვერპლიც მოჰყვა. ბოლო მონცემებით დაღუპულია 2 ადმიანი. არიან დაშავებულები და დაკავებულები.