საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ქვეყნის პარლამენტის დაშლა გამოაცხადა მას შემდეგ, რაც ეგზიტპოლებმა აჩვენა მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე პარტიის აშკარა გამარჯვება ევროპარლამენტის არჩევნებში.
ევროპარლამენტის არჩევნები მთელი კვირის განმავლობაში სხვადასხვა დღეს გაიმართა. ეგზიტპოლი და ხმების დათვლის პირველი შედეგები მიუთითებს ულტრამემარჯვენე პარტიების წარმატებაზე ბევრ ქვეყანაში, მათ შორის საფრანგეთსა და გერმანიაში. თავად ევროპარლამენტში ძალთა ბალანსი დიდად არ იცვლება, თუმცა ზოგიერთი ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ევროპარლამენტის არჩევნებმა შესაძლოა ცვლილებები გამოიწვიოს.
საფრანგეთში ეგზიტპოლის შედეგები აჩვენებს, რომ მარინ ლე პენის “ეროვნული გაერთიანება “ უსწრებს პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მემარჯვენე ცენტრისტულ პარტია “აღორძინებას“.
არჩევნების შედეგებით, ევროპარლამენტში ევროპის სახალხო პარტია (EPP) 190-ზე მეტ ადგილს იღებს.
მაკრონის გადაწყვეტილება, დაითხოვოს ეროვნული ასამბლეა და დანიშნოს ახალი არჩევნები 30 ივნისსა და 7 ივლისს, მალევე გახდა ცნობილი მას შემდეგ, რაც ლეპენისტების საარჩევნო სიის ლიდერი, ჯორდან ბარდელა ამ მოწოდებით გამოვიდა.
გერმანიაში, სამთავრობო კოალიციის სამი პარტია ბევრად ჩამორჩება მემარჯვენე-ცენტრისტულ ქრისტიან დემოკრატებს, რომელსაც 30% აქვს, და ულტრამემარჯვენე ალტერნატივას გერმანიისთვის, რომელიც, სავარაუდოდ, იქნება 16%, რაც შედარებით ხუთი პროცენტული პუნქტით მეტია, ვიდრე წინა, 2019 წლის არჩევნებზე იყო.
ოლაფ შოლცის მმართველი სოციალ-დემოკრატები მხოლოდ 14%-ს იღებენ, მწვანეები – 12%, თავისუფალი დემოკრატები – მხოლოდ 5%. ევროპარლამენტის ბოლო არჩევნებთან შედარებით ყველა მათგანმა დაკარგა ხმები.
ავსტრიაში ვარაუდობენ, რომ ულტრამემარჯვენე თავისუფლების პარტია ხმების 27%-ით ლიდერობს.
ჰოლანდიაში კი გერტ უილდერსის თავისუფლების პარტია, რომელმაც დამაჯერებლად გაიმარჯვა გასულ შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნებში, ამჯერად მეორე ადგილზეა ეგზიტპოლების მიხედვით.
ის შესამჩნევად უსწრებს სოციალისტებისა და მწვანეთა ალიანსს, რომელსაც ხელმძღვანელობს ევროკომისიის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ფრანს ტიმერმანსი.
რატომ გამოაცხადა მაკრონმა ვადამდელი არჩევნები
ვადამდელი არჩევნების გამოცხადება დიდი სიურპრიზია ქვეყნისთვის და დიდი რისკი პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისთვის.
მას შეეძლო განსხვავებული რეაქცია მოეხდინა, შეეძლო უბრალოდ გაეგრძელებინა წინა კურსი, აეხსნა ულტრა მემარჯვენეების გამარჯვება, როგორც ევროპული აბერაცია, რომელიც გამოსწორდება უფრო მნიშვნელოვან არჩევნებზე.
მას შეეძლო ესარგებლა იმით, რომ მოახლოებული ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი და პარიზის ოლიმპიური თამაშები ხალხის ყურადღებას პოლიტიკიდან რამდენიმე თვით სხვა მიმართულებით გადაიტანს.
პარიზელი კომენტატორები მისგან სწორედ ამ რეაქციას ელოდნენ.
თუმცა, ექსპერტთა ნაწილი თვლის, რომ პრეზიდენტს ესმოდა სად მიდიოდა ყველაფერი და წინასწარ დაგეგმა თავისი რეაქცია. ნებისმიერ შემთხვევაში, ეგზიტპოლები თითქმის მთლიანად ემთხვევა წინასაარჩევნო გამოკითხვებს, ამიტომ მაკრონს საკმარისი დრო ჰქონდა თავისი ვარიანტების ასაწონად.
ანალიტიკოსები ხაზს უსვამენ იმას, რომ მაკრონი ისედაც უკვე ჩიხში იყო. მას არ ჰქონდა უმრავლესობა ეროვნულ ასამბლეაში, ამიტომ ნებისმიერი კანონი გაჭირვებით გადიოდა. ახლა კი, როცა ცხადია, რომ ამომრჩეველთა უმრავლესობა აშკარად პრეზიდენტის წინააღმდეგია, მისგან წამოსული ნებისმიერი კანონპროექტი, თუნდაც მომავალი ბიუჯეტი, შეიძლება ფეთქებადი აღმოჩნდეს.
ამიტომ მაკრონმა გადაწყვიტა „სიცხადე“ შეეტანა სიტუაციაში. როგორც ის ამბობს, თუ საკმაო რაოდენობის ხალხი ხმას აძლევს ულტრა მემარჯვენეებს, მაშინ მათ უნდა მიეცეთ შანსი, მართონ ქვეყანა.
ცხადია, პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ მისი პარტია „აღორძინება“ 30 ივნისისა და 7 ივლისის არჩევნებზე რევანშის აღებას შეძლებს. ან სხვა პარტიები უკეთეს შედეგს აჩვენებენ. მაგრამ შეუძლებელია მაკრონს არ ესმოდეს, რომ ახლა ნაციონალურ გაერთანებას აქვს კიდევ ერთხელ გამარჯვების შანსი – შესაძლოა არა ასეთი გამანადგურებელი ანგარიშით, მაგრამ საკმარისად წარმატებულად გახდეს ეროვნული ასამბლეის ყველაზე დიდი პარტია.
შემდეგ კი შესაძლოა საფრანგეთში პრემიერ-მინისტრად ლე პენი ან ბარდელა ვიხილოთ.